“პუტინი – ჩინეთში, ბაიდენი – ისრაელში: ჰორიზონტზეა ახალი გეოპოლიტიკური უთანხმოება“ – The New York Times

„ვლადიმერ პუტინი – ჩინეთში, ჯო ბაიდენი – ისრაელში: ჰორიზონტზეა ახალი გეოპოლიტიკური უთანხმოება“, – ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილ სტატიას (ავტორი – სტივენ ერლანგერი), რომელშიც განხილულია უთანხმოება ერთი მხრივ, კოლექტიურ დასავლეთსა და მეორე მხრივ, მოსკოვ-პეკინს შორის. ვინ არის დამნაშავე ძალადობის ზრდაში და რა განსხვავებაა კრემლისა და თეთრი სახლის ხედვებში თანამედროვე გეოპოლიტიკური მოვლენების მიმართ?

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

იმ დროს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩაფრინდა, ებრაელებისთვის ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერის დასაფიქსირებლად, რუსეთის პრეზიდენტი პეკინს ეწვია და შეეცადა დემონსტრირება მოეხდინა თავისი პარტნიორის – ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის წინაშე, რომ მათი ურთიერთობა და მეგობრობა „უსაზღვროა“.

ეს ორი ერთმანეთთან კონტრასტული ვიზიტი მკაფიოდ გვაგებინებენ იმას, თუ რამდენად ძლიერ შეიცვალა გლობალური პოლიტიკური ლანდშაფტი უკრაინის ომის შედეგად და როგორ სრულად ვლინდება ეს ცვლილება ამჟამად ღაზას სექტორში მიმდინარე ომში.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაწყებულმა ღია კონფლიქტმა და რეგიონში მიმდინარე კრიზისის გამწვავებამ (განსაკუთრებით ღაზაში მდებარე საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ, რომელმაც, სავარაუდოდ, 400-ზე მეტი ადამიანი შეიწირა) ხაზი გაუსვეს დასავლეთსა და რუსეთ-ჩინეთის მზარდ უთანხმოებას, რომლებიც ეხებიან არა მარტო იმას, თუ ვისი ბრალია ახლო აღმოსავლეთში ძალადობის გაფართოება, არამედ იმასაც, თუ როგორ სხვადასხვანაირად უყურებენ ერთი მხრივ, დასავლეთის დედაქალაქები და მეორე მხრივ, მოსკოვი და პეკინი მიმდინარე მოვლენებს, აგრეთვე იმასაც, თუ ვინ არის თამაშის წესების დამდგენი და შემსრულებელი.

რუსეთმა და ჩინეთმა უარი განაცხადეს „ჰამასის“ მოქმედების დაგმობაზე. ამის ნაცვლად მათ გააკრიტიკეს ისრაელის დამოკიდებულება პალესტინელების მიმართ – ბლოკადის გამოცხადება ღაზას სექტორისადმი, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტა ანკლავისათვის და ა.შ. მოსკოვმა და პეკინმა ისრაელს საერთაშორისო შუამავლობისა და ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს ჯერ კიდევ მანამ, სანამ „ცახალი“ (ისრაელის არმია) ომის დაწყებას ოფიციალურად გამოაცხადებდა.

როგორც ჩანს, პალესტინელებს შორის მსხვერპლის მატების კვალობაზე, რუსეთი და ჩინეთი გააძლიერებენ თავიანთ მოწოდებებს გაეროს რეზოლუციის მიღებისათვის, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი უარყოფს ღაზას საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტს, პალესტინელების მძაფრმა რეაქციამ (ღაზაში და მთელ მსოფლიოშიც), ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტი გააფერმკრთალა და უხერხული გახადა. შესაბამისად, ჩაიშალა აშშ-ის პრეზიდენტის გეგმები – შეხვედროდა არაბ ლიდერებს, მათ შორის პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელს მაჰმუდ აბასს. ჯო ბაიდენისთვის რთული იქნება პატიოსანი შუამავლის როლის შესრულება.

გარდა ამისა, ამერიკის ლიდერზე უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდება, რომ მან შეძლოს და დაარწმუნოს ისრაელი – ნება მისცეს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სასიცოცხლო მნიშვნელობის საგნები მიაწოდონ ღაზის სექტორის არაბ მოსახლეობას, ასევ ჩართოს გათიშული ელექტროენერგია და წყალსადენი. ჯო ბაიდენი ასევე შეეცდება შეაკავოს „პოლიტიკურად მძიმედ დაჭრილი“ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ მან გადაჭარბებული რეაგირება არ მოახდინოს არაბებზე შურისძიების მიზნით. ეს იმიტომ, რომ ისრაელის „არაადეკვატური მოქმედება“ ზიანს მიაყენებს აშშ-ის რეგიონულ ინტერესებს.

წყარო