პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას არ ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი. მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილი, რომლის მიხედვითაც, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებულ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. მოსამართლემ ასევე წაიკითხა „ვივამედიდან“ მიღებული წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ექიმი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მიხელ სააკაშვილის ტრანსპორტირებას.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეის მდგომარეობით მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებულ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ეს ამ წერილის პირველი ნაწილია. ასევე მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, სადაც წერია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას“, – განაცხადა მოსამართლემ.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, ნიკა აბრამიშვილის თქმით, პენიტენციურ სამსახურს სამედიცინო დოკუმენტაციის შესასწავლად ერთი თვე სჭირდება.

„2022 წლის 9 დეკემბერს წარმოდგენილი იქნა დამატებით სამედიცინო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია ჩვენ სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს. შესაბამისად, ეს დოკუმენტაცია საჭიროებს შესწავლას, დამუშავებას და ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა. მიგვაჩნია, რომ გონივრული ვადა არის ერთი თვე და სწორედ ეს ვადა ესაჭიროება სამსახურს, რათა სრულად შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტები, რათა სასამართლოს სრულყოფილი პოზიცია წარმოუდგინოს“, – განაცხადა ნიკა აბრამიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა მიზეზის გამო ვერ ხერხდება სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა სასამართლო პროცესზე.

„მოგეხსენებათ, სასამართლოში ჩართვა ხდება მანქანიდან, ქუჩიდან, ნებისმიერი ვითარებიდან ვერთვებით ადვოკატები, მათ შორის პროკურორებიც და მიზეზი რა არის. ვერ ჩაერთო ორ კილომეტრში, კლინიკა „ვივამედში“ მყოფი პატიმარი, რომლის ზედამხედველობას, მის დაცვას, ბადრაგირებას და ასე შემდეგ უზრუნველყოფენ ბადრაგირების დაცვის თანამშრომლები და სადაც განთავსებულია უმრავი ტექნიკა. მათ შორის როდესაც ადვოკატები შევდივართ სააკაშვილის სანახავად, გვაჩერებენ და გვეუბნებიან, ჩართეთ, ჩართულია და შევდივართ. სრულიად აღჭურვილია ტექნიკით. იუსტიციის მინისტრი გამობრძანდა და იმუქრება კადრების გავრცელებით. თუ ამდენი ტექნიკაა, ამდენი კადრია, რა არის მიზეზი იმისა, რომ ვერ ხერხდება პატიმრის ჩართვა“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.

სასამართლოს პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.