საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

„შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ საპარლამენტო ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.