“ოქტომბერმა მძიმედ გაიჯახუნა კარი და საზარლად ჩამოწოლილმა სიკვდილმა წაიყოლა ყველაზე ძვირფასი ადამიანები!!! -რამაზ დავლაძე

ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. რამაზ დავლაძე, რომელმაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დაკარგა, ტრაგედიის ორი წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ოქტომბერმა მძიმედ გაიჯახუნა კარი და საზარლად ჩამოწოლილმა სიკვდილმა წაიყოლა ყველაზე ძვირფასი ადამიანები!!!

ტკივილთა და განცდათა შორის არის ისეთი აუხსნელი სიმძიმის განცდა-ტკივილი, რომელიც შენში მუდმივად მკვიდრდება და აუტანელ გაუსაძლისობას გიქმნის ხან მეტად, ხან ნაკლებად, ერთიანდები ამ ყველაფერთან და ამ უზარმაზარი მონატრება-დარდით აგრძელებ ცხოვრებას ისე როგორც გეკადრება და შეგეფერება; არც ვინმე შეაწუხო და დაღალო შენი განცდებით და ასევე, პირიქით….ერთ ავბედით დღეს რომ მოიხედავ უკან და აღარ გყავს ყველაზე ძვირფასები ვისი სიყვარულით და ბედნიერებით თითქოს ცასაც კი ეხებოდი, არის შეკითხვათა შორის ისეთი კითხვებიც, რომელიც მომხდარი ტრაგედიისნაირი ტრაგედიაა და ყოველთვის უადგილოა, მაგ დროს განადგურებული გული კიდევ უფრო ნადგურდება როცა გესმის: “გაიხსენე ის დღე რა იყო, როგორ იყო და იმ დროს რას განიცდიდიო…“

ჩემო ძვირფასო და კეთილო ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ! მთელი საქართველო გულშემატკივარი იყავით და ხართ; მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი დემეტრე ყოველთვის თქვენი მადლიერი და მადლობელი ვართ! თქვენმა თანადგომამ ბევრი რამ შემძინა და მასწავლა, თითოეულ მათგანს უამრავ სიკეთეს გისურვებთ; იხარეთ და ვიყოთ ყოველთვის ერთმანეთის ერთგულ საიმედოდ!!! თითოეულ მათგანს ჩემი მოკრძალებული პატივისცემა! მშვიდობა ყველას!!!” – წერს დავლაძე.