“ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს, უმეტესობა თამაშობს გადარჩენისთვის- ეს იცის ივანიშვილმაც” -ზურაბ ჯაფარიძე

ოპოზიციად წოდებული პარტიების წევრთა ნაწილი ისევეა დაინტერესებული არ დაკარგოს საპარლამენტო სკამი, კაბინეტი და ბიუჯეტის ფული, როგორც „ოცნების“ მხარდამჭერი სსიპ-ის რიგითი უსაქმური თანამშრომელია დაინტერესებული, რომ არ დარჩეს უმუშევარი, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით,  ოპოზიცია არა მოგებისთვის, არამედ გადარჩენისთვის თამაშობს.

„ოპოზიციად წოდებული პარტიების წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი და რიგ შემთხვევაში პარტიები მთლიანად სისტემის ნაწილად არიან ქცეული. ანუ ისევე არიან დაინტერესებული არ დაკარგონ საპარლამენტო სკამი, კაბინეტი, მივლინებები, ბიუჯეტის ფული, საარჩევნო კომისიებში ადგილები, უფასო სატელევიზიო სარეკლამო დრო, მედიაყურადღება, საზოგადოებრივი სტატუსი თუ სხვა რაღაცები, როგორც „ოცნების“ მხარდამჭერი სსიპის რიგითი უსაქმური თანამშრომელია დაინტერესებული არ დარჩეს უმუშევარი, შემოსავლის გარეშე. ერთი და იგივე მოტივით მოძრაობენ.

პოლიტიკურ ველზე მყოფი მოთამაშეების მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებით, არ აქვს გარანტია, რომ ცვლილებების შემთხვევაში არსებულ სტატუსს და ბენეფიტებს ისევ შეინარჩუნებს. ეს სიმართლეა. ჯამში, ოპოზიცია მოგებისთვის არ თამაშობს, უმეტესობა თამაშობს გადარჩენისთვის. ეს იცის ივანიშვილმაც“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.