“ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, როცა პირველმა რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი”- გახარია

ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც პირველმა რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ, –  ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შინდისის გმირების მემორიალთან განუცხადა.

მისი თქმით, კითხვები, ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ომი, არის აბსოლუტურად არააქტუალური თემები.

„მე ბევრჯერ მითქვამს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ დღეს ქართველები, დღესაც, უკრაინაში, უკრაინელ ხალხთან ერთად იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის ხვალინდელ დღეს. ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, თუ ვსაუბრობთ კონკრეტულად აგვისტოს ომზე, როდესაც პირველმა რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ, ამიტომ კითხვები: ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ომი, არის აბსოლუტურად არააქტუალური თემები. დღეს ქვეყანას ისეთი გამოწვევები აქვს, ჩვენ ისეთი ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ უნდა გავერთიანდეთ და იმის მაგივრად, რომ ეს დისკუსიები გვქონდეს, იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობა და საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე როგორ დავიცვათ, გონივრულად, ისე, რომ ნებისმიერი საფრთხე ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას და კი არ უნდა დავაყვედროთ ვინმეს, რომ ომი ავარიდეთ ვინმეს, არა, უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ხვალინდელი დღისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“- განაცხადა გიორგი გახარიამ.