“ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი”- ლევან ხაბეიშვილი

„ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ცხადია, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამართლდება,“- ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

„მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჩვენი გმირების პატივის მისაგებად ასულს, კონკრეტულმა სამთავრობო მედიამ დასვა შეკითხვა, რომელიც ზოგადად ცნობილია პროვოკაციებით. მედიასაშუალება, რომელსაც არანაირი კითხვა არ დაუსვამს შოვში განვითარებულ ტრაგედიაზე, რომ ღამით მიატოვეს მოქალაქეები, რომ ორი დღის განმავლობაში მდინარე გაქრა და ეს არავის არ მოუკითხავს, რომ ვერტმფრენები არ გვყავს, რომ ღამით განათება ვერ ხერხდებოდა და მიატოვეს სტიქიის დროს ადამიანები, ამაზე რომ კითხვები არ დაუსვამთ. იკითხა კონკრეტულმა სამთავრობო მედიასაშუალებამ ქეიფთან დაკავშირებით. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არც კადრი, არც ვიდეო ჩემთვის ცნობილი არ იყო, შეუძლებელი იყო იმაზე კომენტარის გაკეთება, რაც ადამიანს ნანახი არ აქვს. ამიტომ მე მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია – ასეთ პირობებში, გლოვის დღეებში, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს, რაიმე სახის ქეიფი. ეს არის უმძიმესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ადამიანისთვის, როგორც ორი შვილის მამისთვის, უმძიმესი საყურებელია ამდენი ოჯახის გამწარება, ამდენი ადამიანის გამწარება. ამდენი საყვარელი ადამიანი დაკარგეს ოჯახებმა, მცირეწლოვანი ბავშვები. ყოველდღიურად სტრესის ქვეშ გვიწევს მოქალაქეებს ცხოვრება და ცალსახად მინდა ვთქვა, ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ცხადია, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამართლდება. მაგრამ აქვე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დასვას შეკითხვა, სტიქიის პირობებში სად იყო პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი, სად იყვნენ ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც ეკუთვნოდა, ვისახე ეხებოდა, ევალებოდა ამ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უმძიმეს ფაქტს და ვწუხვარ ასეთ თემებზე რომ გვიწევს ასეთ მძიმე პირობებში კომენტარის კეთება,“ -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.