„ქართული ოცნებიდან“ გასული პარლამენტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე დღეს, მუნიციპალიტეტების საკრებულოს დეპუტატებს, რომლებმაც „ქართული ოცნება“ მათი მხარდაჭერის გამო დატოვეს, მადლობას უხდის და აცხადებს, რომ სწორედ ეს არის სამშობლოს სიყვარული, როდესაც თანამდებობაზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებ.
„მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს, ვისთვისაც პირადი კომფორტი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესი. რთულია დღეს ამ ველზე მოქმედება, მაგრამ საჭირო, რომ ქვეყანა შეუქცევად პრობლემებში არ აღმოჩნდეს. ოპონენტების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის საფარქვეშ, ცდილობენ მხოლოდ ხელისუფლებაში მობრუნების ინტერესით იხელმძღვანელონ და „თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“. მათი ძირითადი იარაღი არის ცინიზმი და შეურაცხყოფა, რაშიც პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტებიც არ ჩამორჩებიან. სწორედ ეს არ არის დასავლური სტანდარტი და ის ხელს უშლის ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისკენ სვლას და დეპოლარიზაციის შემცირებას.
მივმართავ ყველას, ვინც ასეთ ანტიდემოკრატიულ ქმედებას სჩადის. გთხოვთ, პატივი სცეთ თქვენგან განსხვავებულ აზრს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის. სწორედ ეს არის დასავლური სტანდარტი. ჩვენგან ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული და ნერვებს გაუფრთხილდით. დარწმუნებული ვართ, ეს თქვენ არ მოგეწონებათ, მაგრამ არგებს ჩვენს სახელმწიფოს. საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია და მჯერა, კიდევ ბევრი შემოგვიერთდება ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ პარტიის რიგები და თანამდებობები დატოვეს. ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გაგა ღამბაშიძემ „ქართული ოცნების“ რიგების დატოვების მოტივად გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებასთან ღიად საუბარი დაასახელა, რაზეც, პარტიული კუთვნილების პირობებში, თავს იკავებდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წასვლას არ აპირებს. ჭიათურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულ პარლამენტის სამ წევრს მხარდაჭერას უცხადებს და დაკავებულ თანამდებობას და პარტიას ტოვებს.