ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ხობსა და რამდენიმე სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების პირველ სართულებზე.

დატბორილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა -ყულევის მე-4 კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. წყალი 150-ზე მეტ სახლში შევიდა.

ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები. ხობის მერის განცხადებით, დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. შექმნილია კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის. უხვმა ნალექმა ასევე დააზარალა წალენჯიხის, აბაშის, სენაკისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები, სადაც ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები და დაზიანებული ხიდები.