“იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში იქნებით ევროკავშირის წევრი”- ანდჟეი დუდა

იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში იქნებით ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ რეიკიავიკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი გაიხსნა.

მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა დეკემბერში ამ გადაწყვეტილების მიღებას თავად მხარს დაუჭერს.

„მთლიანობაში, მე მხარს ვუჭერ საქართველოს. წლებია, საქართველოს მხარდამჭერი ვარ. მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. პოლონეთი ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდა და, ჩემი აზრით, ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისთვის, ახალი კანდიდატებისთვის და საქართველო მათ შორის ერთ-ერთია“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს 17 მაისს სიტყვით მიმართავს.