“FARA-ს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების შემდეგ, დადასტურებულად ვიცით, რა სახის პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს საქმე”- შალვა პაპუაშვილი

FARA-ს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების შემდეგ დადასტურებულად ვიცით, რა სახის პოლიტიკურ კორუფციასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, FARA-ს ანგარიშებში პირდაპირ წერია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შეკვეთილი სტატიები იწერებოდა.

„როცა საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზოგადად, საქართველოს, აქ პოლიტიკური კორუფცია დადასტურებულია, არა მხოლოდ ის, რომ მედიაში ქვეყნდებოდა შეკვეთილი სტატიები, ეს პირდაპირ ვიცით ანგარიშიდან, რომ შეკვეთილი იყო სტატიები. ასევე ვიცით, რომ ლობისტების მუშაობის შედეგი იყო, რომ ისინი პირდაპირ უწერდნენ რეზოლუციის ტექსტებს ზოგიერთ ევროპარლამენტარს და ევროპარლამენტმა ლობისტების მიერ დაწერილი ტექსტები მიიღო რეზოლუციის სახით, რაც არის დიდი სირცხვილი, რის შედეგადაც დეზინფორმაცია აისახა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ FARA-ს დოკუმენტაციიდან, რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაცია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან და ა.შ. ეს არის ტიპური პოლიტიკური კორუფცია, რომელიც სამწუხარო გამოწვევაა ევროკავშირის ზოგიერთ სტრუქტურაში. ამიტომაც არის მოწოდებები, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, მათ შორის ევროპარლამენტთან დაკავშირებით სხვადასხვა ინიციატივა არსებობს. სამწუხაროდ, ეს თემატიკა ჯერ გაუმჭვირვალი არის ევროკავშირის სივრცეში, თუმცა აშშ-ის კანონმდებლობის წყალობით, ჩვენ ვიღებთ ხოლმე ამ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ეჭვები არის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს გარკვეულ ჯაჭვთან, რომელიც მიგვიყვანს ლობისტებამდე. დაველოდოთ ცოტა ხანი და დარწმუნებული ვარ, FARA-ს შემდეგ დოკუმენტაციაში ასეთი საკითხები ამოტივტივდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.