ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.

რეზოლუციას, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში რეზოლუციის შესახებ დებატები გუშინ გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარებმა თამაზ გინტურის მკვლელობაში პასუხისმგებელი პირების დასჯა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაადასტურეს.

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში,  სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.