ეს უნდა გაიგონ ჩვენმა მეგობრებმა სხვადასხვა ქვეყანაში, ფუჭია ნებისმიერი მოწოდება საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტსა და ომში ჩართვის შესახებ – გიორგი ცაგარეიშვილი

ფუჭია ნებისმიერი მოწოდება საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტსა და ომში ჩართვის შესახებ – ეს მათ შორის უნდა გაიგონ ჩვენმა მეგობრებმა სხვადასხვა ქვეყანაში , – აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პასუხად გააკეთა.

ცაგარეიშვილის შეფასებით, უკრაინელი დიპლომატი იმედგაცრუებულია იმით, რომ საქართველო საკუთარი შესაძლებლობებით სამხედრო კონფლიქტში არ ჩაერთო.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, საქართველო აკეთებს მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც შეუძლია, ცეცხლის ალში გახვეული მოძმე უკრაინისთვის.

“ჩვენ მრავალჯერ აღვნიშნეთ, რომ საქართველო ომში ვერ ჩაერევა.

ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ომის გზა არჩეული არ გვაქვს – ჩვენთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების გზა უალტერნატივოა. ჩვენ სამხედრო ძალების გამოყენებით საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღებას არც ერთ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერთ – ეს იქნება იქამდე, ვიდრე ეს ხელისუფლება არის ქვეყნის სათავეში. წინა მცდელობებმა ჩვენ უმძიმესს შედეგებამდე მიგვიყვანა. ამან მოიტანა უბედურება, ვაება და ამას აღარ გავიმეორებთ.

არ გვინდა ჩვენი ქვეყანა განსაცდელის წინაშე დავაყენოთ და ეს რომ არ გვინდა დანაშაული და ცოდვა არ არის. ომისა და უბედურების გზაზე ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავდგებით, რადგან აქედან მხოლოდ წაგებული გამოვალთ. სამწუხაროდ, საქართველოს არ გააჩნია შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ბრძოლის ველზე დაამარცხოს”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.