პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი საკითხი განხილვას საჭიროებს.
ოხანაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ ინიციატივასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საპარლამენტო განხილვისას შესაძლებლობა იქნება, ყველამ გამოთქვას საკუთარი პოზიცია.
„აპრიორში რაღაც საკითხის ტაბუირება დემოკრატიისთვის მისაღები არ არის. დემოკრატიის სახელით ხალხი გვთავაზობს, რომ რაღაც საკითხს ტაბუ დავადოთ, თითქოს საკითხის განხილვაც კი არადემოკრატიულია, რაც შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან. რაც შეეხება შინაარსს, საპარლამენტო განხილვისას შესაძლებლობა გვექნება, ყველას მოვუსმინოთ. არ მგონია, ვინმეს რაიმე დისკომფორტს უქმნიდეს ეს პრინციპი, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, იყოს ვებგვერდი, სადაც ამ ყველაფრის ადმინისტრირება მოხდება. დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელმაც უკვე განიხილა სხვადასხვა ქვეყნის მოცემულობები და საკუთარი მოსაზრებები აქვს. ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს და როცა დასკვნა გვექნება, ღიად ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.