დარბიან „ენჯეოების“ წარმომადგენლები და იცავენ არა ჩვენი ქვეყნის, არამედ უცხო სახელმწიფოების ინტერესებს – უნდა დასრულდეს ეს გაფეტიშება-ირაკლი ღარიბაშვილი

დარბიან „ენჯეოების“ წარმომადგენლები და იცავენ არა ჩვენი ქვეყნის, არამედ უცხო სახელმწიფოების ინტერესებს, უნდა დასრულდეს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გაფეტიშება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გზავნილებსა და გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ბორჯომში განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, უნდა დასრულდეს უცხო სახელმწიფოს ინტერესებისადმი გაფეტიშებული დამოკიდებულება.

ამასთან, კითხვაზე, „შედგა თუ არა პარტნიორებთან საუბარი ვეტოსთან დაკავშირებით“, ღარიბაშვილმა აღნიშნა: „არ ვიცი, დეტალებზე თავად ისაუბრა პრემიერმა. დაველოდოთ, ჩემი პასუხი იქნება, რომ დაველოდოთ. ჯერ კიდევ არის დრო, მესამე მოსმენით უნდა იყოს მიღებული ეს კანონი, შემდეგ ვეტოს დაძლევამდეც დრო არის“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს სჭირდება ვითარების დამშვიდება, სტაბილურობა და განვითარება.

„ქვეყანაში დღეს ოფიციალურად დარეგისტრირებულია 31 ათასი არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება, კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, ცოტა არაბუნებრივი სიტუაციაა. ე.ი. ყველა ფიქრობს, რომ გახდეს „ენჯეოს“ წარმომადგენელი. მე წინააღმდეგი არ ვარ, ისე არ გამიგოთ, რომ წინააღმდეგი ვარ „ენჯეოებისა“ და სამოქალაქო საზოგადოების, პირიქით, მომხრე ვარ, იყოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ ეს ორგანიზაციები უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. თქვენ ახსენეთ ოკუპაცია, ამ საკითხებს უნდა ემსახურებოდნენ და არა ისე, რომ „ენჯეო“ იდგეს მთავრობის ადმინისტაციისა და პარლამენტის წინ და ითხოვდეს მთავრობის გადადგომას მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, რუსის ჯარი გვიდგას თბილისიდან 40 კილომეტრში.

მინდა, შეგახსენოთ ყველას, ერთ-ერთი ცნობილი ენჯეოელიტის წარმომადგენელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, როცა იყო ძალიან რთული მდგომარეობა, უკრაინაში ახალი დაწყებული იყო ომი, მე მაშინ ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ საქართველო დაიცავს მხოლოდ ქართულ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. გახსოვთ, გამოვიდა ეს ქალბატონი და თქვა, მირჩევნია, ბომბები ცვიოდეს თბილისშიო და ამის მთქმელი ქალბატონი როგორ შეიძლება, პირადად მე, როგორც მოქალაქემ, ჩავთვალო ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამტარებლად? ის ხომ იმ მომენტშიც და დღესაც ატარებდა, ატარებს სხვა ქვეყნის თუ ქვეყნების ინტერესებს. ვარაუდის დონეზე და მისი გამონათქვამებიდან გამომდინარე, შეიძლება ამ დასკვნის გაკეთება.

სამარცხვინოა, მე მრცხვენია, როცა საუბრობენ, თუ რომელ ქვეყანას უნდა ვემსახუროთ. როგორ შეიძლება, აგენტობის და უცხო ქვეყნების ინტერესების გატარების ლეგალიზებაზე ვისაუბროთ, კატასტროფაა, სირცხვილია, გვიყურებს მთელი რეგიონი, მეზობლები გვიყურებენ და რა ხდება აქ? გამოდიან, დარბიან „ენჯეოების“ წარმომადგენლები და იცავენ არა ჩვენი ქვეყნის, არამედ უცხო სახელმწიფოების ინტერესებს. უნდა დასრულდეს ეს უცხო სახელმწიფოს ინტერესების გაფეტიშება. ყველას პატივი უნდა ვცეთ, უნდა შევიძინო მეგობრები, დავიცვათ ჩვენი ინტერესები, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. შიშის კანკალით არ უნდა ვილაპარაკოთ, პარტნიორები უნდა შევიძინოთ, გავაძლიეროთ ურთიერთობა ამერიკელებთან, ევროპელებთან, ყველასთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.