დამწუხრებული ვარ რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო-მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„დამწუხრებული ვარ საქართველოს ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან, რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას. ასევე, მოვუწოდებთ მეორე მხარეს გაათავისუფლონ გატაცებული მოქალაქე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.