ბიძინა ივანიშვილის წერილი არის მორიგი დადასტურება, რომ სწორედ ის არის მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდის უკან – გიორგი გახარია

ეს ყველაფერი აჩვენებს, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი და გაანადგუროს საკუთარი კეთილისმსურველობის მითი, დატოვოს საქართველო იზოლაციაში და სრულიად მარტო საოკუპაციო ძალის პირისპირ, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს, რითაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პირადი ინტერესების გამო საქართველოს ევროპული მომავლით ვაჭრობს.

„ივანიშვილის წერილი არის მორიგი დადასტურება, რომ სწორედ ის არის მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდის უკან და ვაჭრობს საქართველოს ევროპული მომავლით პირადი ინტერესების გამო. ეს ყველაფერი აჩვენებს, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი და გაანადგუროს საკუთარი კეთილისმსურველობის მითი, დატოვოს საქართველო იზოლაციაში და სრულიად მარტო საოკუპაციო ძალის პირისპირ“, – წერს გახარია.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“. ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.