“ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს”-ადვოკატი

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ესებუას სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე არსებობდა, რის გამოც იმალებოდა.

იოსებ ჯანაშიას თქმით, ესებუა ბანკში საერთოდ არ იმყოფებოდა.

„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, შესაბამისად, იმ პოზიციაზეა, რაზეც ჩვენ თავიდანვე ვიყავით. ის არანაირ ბრალს – „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებას არ აღიარებს”. რაც შეეხება, თუ სად იყო ამ წლების განმავლობაში, მისი ზოგადი პასუხი იყო, რომ გრძნობდა მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხეს და შესაბამისად, თავს არიდებდა გამოძიების ეტაპზე სამართალდამცველებთან გამოცხადებას“, – განაცხადა ბადრი ესებუას ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ.

ადვოკატის თქმით, თუ სად იმყოფებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, ამაზე არ უსაუბრია.

“მასთან პირველად შევედი, ახლა გავიცანი, შესაბამისად, დეტალებს არ ჩავღრმავებივარ, ზოგადად ვისაუბრეთ“, – განაცხადა ჯანაშიამ.

 2-წლიანი ძებნის შემდეგ, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს დააკავეს.

 

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.  შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით აღიძრა, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.