კარგად ვიცი თმენის ვალდებულება, ეს იყო პროპორციული, ადეკვატური და არაზღვარგადასული პასუხი, როდესაც ადამიანის ღირსებას ეხები, გაქვს მოქმედების უფლება და მე ვიმოქმედე პროპორციულად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან კარგად იცის ყველა ქვეყნის კანონმდებლობის მიდგომა და აღნიშნა, რომ არც ერთი კანონმდებლობა ღირსების შელახვას არ ამართლებს. ამასთან, ანრი ოხანაშვილი გუშინდელი ინციდენტის კადრების გასაჯაროებას ითხოვს.
„ეს იყო პროპორციული პასუხი. ჩემი მხრიდან არ მომხდარა არც ღირსების შემლახველი და არც აბსოლუტურად არაადეკვატური პასუხი, ეს იყო პროპორციული, ადეკვატური რეაქცია და პასუხი უბინძურეს პროვოკაციაზე. გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ყველას გადაადგილება, ყველა ტრაექტორია. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს, როგორ მოვიდა, მომიახლოვდა, გამიყვანა გვერდით. გასაჯაროვდეს ყველაფერი, ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება. ამ საკითხს პრინციპულად დავსვამ. ეს არ იყო კრიტიკა, არ იყო უბრალო მოსვლა და პროვოცირება, არ იყო უბრალო სიტყვები, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც ვერც ერთი თქვენგანი ვერ მოითმენდა იმას, რაც ამ ადამიანმა იკადრა. ეყოს ადამიანობა, გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა. იმედი მაქვს, ყველაფერი გასაჯაროვდება და საზოგადოება ნახავს, რა მოხდა.
ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება. ბევრი მომითმენია, ბევრსაც მოვითმენ და ყველაფერს აქვს ზღვარი. როდესაც ყოველგვარ ზღვარს მიღმა ხდება უბინძურესი ქმედება, ყველა ადამიანს აქვს უფლება, იმოქმედოს მისი ღირსების დაცვისთვის. აბსურდია ჯგუფური ძალადობა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კადრები არის ყველაფრის ამსახველი. ეს პროვოკაცია არ დაწყებულა და არ დასრულებულა, ის გრძელდებოდა. ამ პროვოკაციის ამსახველი კადრები არსებობს, ეს ყველაფერი უნდა ნახოთ და მიხვდებით. ეს იყო განგრძობადი პროვოკაცია, შესაბამისად, ამაზე მიიღო ადეკვატური, პროპორციული და არა ის ზღვარგადასული ქცევა, რომელიც თვითონ გააკეთა. მე არ მოვქცეულვარ ისე, როგორც ის ადამიანი მოიქცა.
ეს ყველაფერი წუთებში ხდება და მე მას მოვთხოვე პასუხი, ეს ბინძური სიტყვები, უბინძურესი საქციელი რატომ გააკეთა, რაზეც მან გააგრძელა და გაგრძელებაზე მიიღო ადეკვატური, პროპორციული, არაზღვარგადასული პასუხი. თქვენთან ვერ ვისაუბრებ იმ საკითხებზე, რაც მან იკადრა და აღარ შევალ დეტალებში. კადრებში ყველაფერი ჩანს. ჩემი მხრიდან იყო ადეკვატური პასუხი, მე არ გავცდენილვარ საზღვრებს და ფარგლებს. მან მიიღო პროპორციული პასუხი. როდესაც ადამიანის ღირსებას ეხები, იქ გაქვს მოქმედების უფლება და მე ვიმოქმედე პროპორციულად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.