ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ ტრაილერს საბაჟო საზღვარი არ გაუვლია – გიორგი კაკაურიძე

„არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით დატვირთულ და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე რუსული სპეცსამსახურების ბრალდებებს, რომლის თანახმად საქართველო ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობდა.

მისი თქმით, ბრალდების დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს. 

„ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებისგან ისმის რაღაც ბრალდებები, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. ყოველთვის ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას რაღაც დააბრალოს, თუ ამის უკან არგუმენტი არ იქნება, ეს დაბრალება იქნება წამოროშილი სიტყვა და არაფერი უკან მდგომი.

არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით დატვირთულ და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს. არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, ამ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან“, – აცხადებს გიორგი კაკაურიძე. 

შეგახსენებთ, რუსეთის გამოძიებამ განაცხადა, რომ გასულ შაბათ-კვირას ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 8 პირი დააკავეს, მათ შორის 5 რუსი, 3 უკრაინელი და  აქედან ერთი სომხეთის მოქალაქეა. რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ მომხდარში ქართველებიც მონაწილეობდნენ.