დღეიდან ოპოზიცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარალელურ პროცესს იწყებს და სამუშაო ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს

საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან ერთად დღეიდან ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით პარალელურ პროცესს იწყებს და შეხვედრებს გამართავს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, სამუშაო ჯგუფებში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების და ინიციატივების შემუშავება მოხდება.

სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მიღებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ოპოზიციური ფრაქციების და ჯგუფების წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

“სამუშაო ჯგუფებში მუშაობა იქნება ინკლუზიური და გამჭვირვალე. განსხვავებით “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ე.წ. სამუშაო კომისიებისა, ამ ჯგუფებში მოხდება ყველა საკითხის განხილვა, რომელიც ეხმიანება ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პირობის შესრულებას, ყოველგვარი წინასწარი დათქმებისა და გამორიცხვების გარეშე. სწორედ საპარლამენტო და საქმიან ფორმატში პროცესის გადაყვანას ემსახურებოდა ჩვენს მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევა, რაც გულისხმობდა ზუსტად კონკრეტულ თემატიკაზე უკვე არსებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას სესიებზე და შესაბამის კომიტეტებზე. სამწუხაროდ, მმართველმა გუნდმა ამაზე უარი თქვა და კანონის დარღვევით სასესიო დარბაზი დაუკეტა და დაულუქა დეპუტატებს.

ჩვენი ამოცანაა, რომ თორმეტივე პუნქტთან დაკავშირებით მოხდეს სრულფასოვანი გადაწყვეტილებების შემუშავება. ასევე, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ არასამთავრობო სექტორის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში, როგორიცაა სამშაბათს და ოთხშაბათს დაგეგმილი ფორუმები. ხუთშაბათს ისევ ვაგრძელებთ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. დაგეგმილი გვაქვს, რომ მთელი ივლისი-აგვისტოს განმავლობაში, ინტენსიური მუშაობის შედეგად დაიდოს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო პაკეტები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ევროკომისიის მოთხოვნებს.

ყველა ჩვენს მიერ შემუშავებული ინიციატივა, საკანონმდებლო განხილვაზე გავა საშემოდგომო სესიაზე და “ქართულ ოცნებას” მოუწევს ამ ინიციატივების განხილვა. ჩვენ, ჩვენი მხრივ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ამ და სხვა ინიციატივების განხილვაში საკომიტეტო მოსმენებზე და სასესიო სხდომებზე, რაც არის საპარლამენტო საქმიანობის ფორმატი, განსხვავებით მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებული არაფორმალური შეხვედრებისა, რომელსაც არც დღის წესრიგი აქვს და არც კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული” , – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.