,,ოპოზიციას საოცარი კარმა აქვს” – თალაკვაძე

საოცარი კარმა აქვთ – ყველაფერი, რაც უსურვეს ქვეყანას და ხელისუფლებას, თვითონ დაემართათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საოცარი კარმა აქვთ – რაც უსურვეს ქვეყანას და ხელისუფლებას, ყველაფერი თვითონ დაემართათ. ერთხელ მოითხოვეს ხელისუფლების გადაყენება, გადააყენეს თავისი თავმჯდომარე, მეორეჯერ მოითხოვეს, გადააყენეს ისევ თავისი თავმჯდომარე. არ შევალთო [პარლამენტში], შევიდნენ. არ გამოვალთო – გამოვიდნენ. ვინც იქ [პარლამენტში] დაჯდეს, ავეჯი გახდესო, შევიდნენ, დასხდნენ და ის ავეჯიც ცარიელი იდგა – მაგათი სკამები კი ნახა საზოგადოებამ ამ სესიებზე. არჩევნები არც ციფრებია და არც ფერები, ეს არის ნდობა. ელემენტარული ნდობა ხომ უნდა გაგაჩნდეს და ეს ელემენტარული ნდობა საიდან წარმოიშობა?! ამ ხალხს [ოპოზიციას] ჰგონია, რომ პოლიტიკა ნდობა კი არ არის, პირიქით – რაც უფრო მაგრად და მოხერხებულად მოატყუებენ საზოგადოებას. არ არის ეს საზოგადოება მაგათი მოსატყუებელი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.