2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში-პრემიერი

წვევამდელებისთვისაც, გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში 2024 წლის პირველი იანვრიდან და ასევე მინდა ვთქვა, რომ 2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავდაცვის კოდექსით დარეგულირდება „გირჩის“ ინიციატივა, რომლის შედეგადაც ბევრი ახალგაზრდა შეცდომაში იქნა შეყვანილი.

„მოგეხსენებათ, რომ პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვის კოდექსი. ამაზე ჩვენ დიდი ხანია, ვმუშაობდით. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის კოდექსი, რომელიც ბევრ საკითხს აწესრიგებს. პირველი მინდა გამოვყო ე.წ. მავნებლური „გირჩის“ ინიციატივა, რომლის შედეგადაც ბევრი ახალგაზრდა იქნა შეცდენილი და არასწორ გზაზე იქნა დაყენებული. ჩვენ ამით დავასრულეთ „გირჩის“ მავნებლობა. ეს ერთი საკითხი მინდა გამოვყო. ასევე მთელი რიგი საკითხები მოწესრიგდა და მთელი რიგი გარანტიები ჩაიდო, როგორც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე ზოგადად, წვევამდელებისთვისაც. გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში 2024 წლის პირველი იანვრიდან და ასევე მინდა ვთქვა, რომ 2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში. სხვადასხვა უწყებიდან მოგვყავს წვევამდელები და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მოხდება გაწვევა. შევიმუშავეთ ეფექტური კურსები. 6 თვიანი კურსი. მინიმალური იქნება 6 თვიანი კურსი. ასევე არის 8 და 12 თვიანი კურსები, იმის მიხედვით, ვის როგორი გეგმები აქვს და სამომავლო კარიერა როგორ უნდა, რომ დაგეგმოს. ასე, რომ წვევამდელები მინიმუმ 6 თვეს გაივლიან ჯარში, თავდაცვის სამინისტროში. ასევე, მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც კიდევ ერთხელო მინდა განვმარტო ჩვენი ახალგაზრდებისთვის არის ის, რომ ჩვენ კოდექსში გავითვალისწინეთ ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სტუდენტს შეეძლება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. წლის განმავლობაში ერთი თვე დაჰყოს სამხედრო ბაზაზე და გაიაროს საბაზისო თეორიული და პრაქტიკული მომზადება. ეს მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 4 წლის მანძილზე სტუდენტს შეეძლება, რომ ჯამში დაჰყოს ჯარში 4 თვე ჯამში და ამის შემდეგ ჩაეთვლება ნამსახურებად და მიიღებს სამხედრო მოწმობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. რაც მთავარია, ამ კოდექსით შეიქმნება რეზერვის მყარი საფუძველი. ჩვენი გათვლებით, სულ რაღაც 3-4 წელიწადში, წელიწადში მოვამზადებთ 9-10 ათას წვევამდელს, რაც ძალიან დიდი შედეგი იქნება და ათ წლიან პერსპექტივაში 100 000 ახალგაზრდა გვეყოლება მომზადებული, რომელიც ჩაირიცხება ქვეყნის რეზერვში. ეს აძლიერებს რეზერვის სისტემას და ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ინიციატივები. კიდევ ერთხელ მადლობა პარლამენტს, სამინისტროს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნაში“, – განაცხადა პრემიერმა.