ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

 აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს. ისინი ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

აქცია მას შემდეგ განახლდა, რაც მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართა. პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმას განახორციელებს. „კანონი, რომელსაც მომავალ კვირას ქნესეთში მიიღებენ, არის კანონი, რომელიც არ აკონტროლებს სასამართლოებს – ის იძლევა ბალანსისა და დივერსიფიცირების საშუალებას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

რეფორმის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, ხოლო თავად სასამართლო დაკარგავს ხელისუფლების გადაწყვეტილების გაუქმების ბერკეტს.