7 ნოემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმაგალითო ძალმომრეობის ნათელი მაგალითია – გია ცაგარეიშვილი

7 ნოემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმაგალითო ძალმომრეობის ნათელი მაგალითია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ხალხს უპირისპირებდა.

„სპეცოპერაცია, რომელიც დაგეგმა და განახორციელა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ იმის მცდელობა იყო, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა, დემოკრატიული ოპოზიცია, მთლიანად ხალხი დაეთრგუნათ, მოესპოთ და გაენადგურებინათ. ეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ხალხს უპირისპირებდა“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 16 წელი გავიდა. 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.