ლევან მაჭავარიანი – ჩასაფრებულ რადიკალურ ოპოზიციასა და მათ მედიასაშუალებებს, რომლებიც ბინძურ კამპანიას ეწევიან სამართალდამცველთა მისამართით, არცერთ სიტყვას არ გავუტარებთ

ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებო, თქვენ ხართ გმირები. თქვენ მუშაობთ 24-საათიან რეჟიმში იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება. ამას აკეთებთ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. თქვენი პროფესია არის და ყოველთვის იქნება ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და დაფასებული ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

ამასთან, როგორც მაჭავარიანი წერს, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაა, რომ ცალკეული გადაცდომები არ რჩება დაუსჯელი. მისივე თქმით, „ქართული ოცნების” პირობებში არცერთი თანამდებობა თუ პროფესია არ წარმოადგენს ინდულგენციას.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ჩვენმა სამართალდამცველებმა რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების ხუთი რევოლუციური სცენარი გაანეიტრალეს და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი საფრთხე აარიდეს თავიდან, ამ მავნებლებმა, თავიანთ მედიასაშუალებებთან ერთად, ჩვენი გმირი პოლიციელების გაშავების კამპანია დაიწყეს. მათ სურთ, პოლიციელებს „მწამებლების” იარლიყი მიაწებონ და პოლიციელობა სამარცხვინო პროფესიად დაბრენდონ.

 

საქართველოში გვყავს 45 000-მდე პოლიციელი და, რა თქმა უნდა, როგორც ყველა პროფესიაში, ამ შემთხვევაშიც გამოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ბოროტად გამოიყენებენ თავიანთ უფლებამოსილებას. სამწუხაროდ, ეს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. ხაზგასასმელია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ასეთი ცალკეული გადაცდომების მიმართ – გადაცდომები არ რჩება დაუსჯელი და როგორც უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებულმა, ასევე კანონდამრღვევი პოლიციელების დაკავების ფაქტებმა საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ „ქართული ოცნების” პირობებში არცერთი თანამდებობა თუ პროფესია არ წარმოადგენს ინდულგენციას და კანონის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ.

 

რაც შეეხება პოლიციელებს, რომლებიც მიმართავენ ძალადობას, ისინი არა მხოლოდ მორალისა და კანონის წინაშე არიან დამნაშავეები, არამედ იმ 45 000-მდე გმირი სამართალდამცველის წინაშეც, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ემსახურება საკუთარ სამშობლოს, რადგან საბაბს აძლევენ მავნებლებს, მათი სამარცხვინო საქციელი მთლიანად პოლიციაზე განაზოგადონ და შემდეგ მსგავსი ბინძური კამპანიების წარმოების შესაძლებლობა მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პოლიციელები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ევროპის წამყვანი ქვეყნების სამართალდამცველები. ისინი ასევე ავლენენ პასუხისმგებლობისა და მოთმინების გაცილებით მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს ევროპულ ქვეყნებში გვინახავს.

 

ვიხილეთ უამრავი შემთხვევა ევროპის წამყვან ქვეყნებში, თუ როგორ აგრესიულად და ძალადობრივად რეაგირებენ პოლიციელები დემონსტრანტების მხრიდან მათთვის მიყენებულ უმნიშვნელო შეურაცხყოფაზეც კი. ინტერნეტსივრცე გადაჭედილია ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა წამყვანი ქვეყნების მაგალითებით. ვნახეთ, როგორ უსწორდებიან ახალგაზრდა გოგონებს აღნიშნულ ქვეყნებში; ვნახეთ, როგორ დაანარცხეს ძირს ცხრა თვის ორსული ქალბატონი ნიდერლანდებში; ვნახეთ, როგორ გაუსწორდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს ხელკეტებით დანიაში. სამწუხაროდ, მსგავსი უამრავი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი.

 

ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებო, თქვენ ხართ გმირები. თქვენ მუშაობთ 24-საათიან რეჟიმში იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება. ამას აკეთებთ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. თქვენი პროფესია არის და ყოველთვის იქნება ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და დაფასებული ჩვენს ქვეყანაში.

 

ხოლო რაც შეეხება ჩასაფრებულ რადიკალურ ოპოზიციასა და მათ მედიასაშუალებებს, რომლებიც ბინძურ კამპანიას ეწევიან თქვენ მისამართით, გპირდებით, რომ ჩვენ არცერთ სიტყვას არ გავუტარებთ და ყოველთვის ისე დაგიდგებით გვერდით, როგორც თქვენ უდგახართ გვერდით საქართველოს.

 

იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ მავნებლებს თქვენი დაცვა რომ დასჭირდეთ, მიუხედავად ყველაფრისა, ამასაც, რა თქმა უნდა, გააკეთებთ, ვინაიდან თქვენ ნამდვილი ქართველები ხართ და ემსახურებით მხოლოდ საქართველოს”, – წერს ლევან მაჭავარიანი.