ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი – რეალურად, საქართველოში ამჟამად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი „სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო“ და აცხადებს, რომ „დემოკრატიული უკუსვლა შეუჩერებლად გრძელდება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიები“.

ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

რელიზში ნათქვამია, რომ რეზოლუციის პროექტში, რომელიც ეფუძნება თანამომხსენებლების, ედიტე ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის ანგარიშს, აღნიშნულია, რომ „ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ შესრულებულა“ და ნათქვამია, რომ დემოკრატიის მიმდინარე რღვევა „სერიოზულ ეჭვებს აჩენს ხელისუფლების მზადყოფნის შესახებ, დაიცვას საქართველოს ევროსაბჭოში წევრობის და გაწევრიანების ვალდებულებები“.

კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროსაბჭოში წევრობა პრივილეგიაა, რომელიც, უფლებებთან ერთად, ვალდებულებებსაც მოიცავს“ და ორგანიზაციის პრინციპები, სტანდარტები, „არ შეიძლება, ეჭვქვეშ დადგეს ან გადაიხედოს“.

კომიტეტი „მიუღებელს“ უწოდებს ინიციატივას „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ და მათი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით“, და აცხადებს, რომ „თუ ეს კურსი გაგრძელდება, ეს საქართველოში ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს“.

პარლამენტარებმა ასევე განაცხადეს, რომ „რეალურად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები ამჟამად საქართველოში არ არსებობს“, რაც დაკავშირებულია „დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაუნდობელ რეპრესიებთან, ასევე ქვეყანაში არსებულ უკიდურეს სოციალურ და პოლიტიკურ პოლარიზაციასთან“.

რეზოლუციის პროექტი ასევე მოითხოვს „რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას“, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების გაუქმებას. იგი ასევე გმობს „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელებსა და დამოუკიდებელ მედიაზე მიმდინარე თავდასხმებს“.

კომიტეტმა დამატებით გამოთქვა წუხილი, რომ „დემონსტრაციების დროს პოლიციის ძალადობისა და სხვა ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ სანდო გამოძიებები არ ჩატარებულა“ და განსაკუთრებით შეშფოთებულია „ცნობებით, რომ აქციების დაშლისას თბილისში აკრძალული ქიმიური აგენტები გამოიყენეს“.

საბოლოოდ, ასამბლეამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც, მათი თქმით, „ემთხვევა ამ და წინა რეზოლუციებს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ“.