კომისიამ დეტალურად გადმოსცა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ქართულმა მხარემაც წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები. დისკუსიები წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავრობას წარუდგენენ ანგარიშს და განიხილავენ საკითხის შინაარსსა და შემდგომ შესაძლო ნაბიჯებს.
„გუშინ შედგა შეხვედრა ევროკომისიასა და ქართველი მაღალჩინოსნების დელეგაციას შორის. ეს არის სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია სავიზო რეგულაციით და რომელიც ხორციელდება ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისას. ეს შეხვედრა და პროცესი გამომდინარეობს იმ გადაწყვეტილებიდან, რომელიც მიღებულ იქნა მარტში, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ საწყისი 12-თვიანი პერიოდით. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მას შემდეგ, რაც წევრმა სახელმწიფოებმა გასცეს თანხმობა. ამრიგად, ამ პროცესის მიზანი არის იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც გამოიწვია შეჩერება. ეს არის საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დარღვევა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში.
გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე. კომისიამ დეტალურად გადმოსცა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ქართულმა მხარემაც წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები. დისკუსიები წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ახლა მთავრობას წარუდგენენ ანგარიშს, განიხილავენ საკითხის შინაარსსა და შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
ბრიუსელში საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყებამ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა.

