„ძალიან უნდა „გაუმართლოს“ ქვეყანას, რომლის ოცი პროცენტიც ოკუპირებულია, რომ ისეთი ოპოზიცია ჰყავდეს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის არასასურველი შედეგი მივიღოთ“- ასე გამოეხმაურა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი. მისი თქმით, ოპოზიცია ერთის მხრივ ხელისუფლებას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რათა რამდენიმე კვირაში ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგი დადგეს და მეორეს მხრივ, კი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც ქვეყნის წინსვლას აფერხებს.
„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის არასასურველი შედეგი მივიღოთ. თქვენ ყველა კარზე აკაკუნებთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თქვენი ქვეყანა როგორმე ლაფში ამოსვაროთ. ამ პატარ-პატარა, არასერიოზულ და გაუცნობიერებელ განცხადებებს მივყავართ სწორედ არასასურველ შედეგებამდე“ – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად კუპრავას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, სამართალდამცავებმა მოქალაქე ლინა დოლიძეს ბრალი მხოლოდ იმის გამო წარუდგინეს, რომ იგი ევროკავშირის მოქალაქეა.
„დარწმუნებული ვარ, რომ კოლეგების დიდი ნაწილი ემიჯნება კუპრავას განცხადებას. ალბათ იაზრებთ, რომ ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც სულ რამდენიმე კვირაში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი უნდა გადაწყდეს“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.