“ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ დასავლეთის სამხედრო საწყობები ჯერ არ დაცარიელებულა”-The Economist

ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) ვებ-გვერდზე სათაურით „ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ დასავლეთის სამხედრო საწყობები ჯერ არ დაცარიელებულა“, გამოქვეყნებულია ინტერვიუს შინაარსი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს უფროსთან კირილო ბუდანოვთან, რომელშიც იგი საუბრობს მისდამი დაქვემდებარებული უწყების მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებულ და განხორციელებულ ოპერაციებზე, დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დახმარებაზე, რუსეთის დაზვერვის განეიტრალებაზე, ომის სავარაუდო შედეგებით დასრულებაზე და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კირილო ბუდანოვი არ არის იმ განწყობაზე, რომ თავისი ქვეყნის არმიის კონტრშეტევის შესახებ ისაუბროს.
„მხოლოდ ფაქტები და არა დისკუსია“ – ამბობს გენერალ-ლეიტენანტი. შეტევის ნელი ტემპი კარგად მომზადებული და ჩასაფრებული მტრის წინააღმდეგ – ეს რეალობის არეკვლას წარმოადგენს. მას არ ესმის იმ ადამიანებისა, ვინც რუსეთის თავდაცვითი ხაზების კრახს წინასწარმეტყველებდა.
„საიდან მიხვდებით, ფანქარი რბილია თუ მაგარი, სანამ თვითონ არ შეამოწმებთ?“. კონტრშეტევა გრძელდება, უკრაინას კიდევ აქვს დრო დარჩენილი – წვიმებისა და ტალახის სეზონამდე ჯერ კიდევ დაახლოებით ერთი თვე რჩება. „სხვათა შორის, ესეც რეალური ფაქტია“, – ამბობს გენერალი.

სამხედრო დაზვერვის სამმართველოს 37 წლის ხელმძღვანელი, რომელსაც სამხედრო წოდება პრეზიდენტმა ამას წინათ სამვარსკვლავიან რანგამდე მოუმატა, მშვიდად და დასვენებულად გამოიყურება. მისი თქმით, სწორედ რუსეთს აქვს მღელვარების მიზეზები და არა უკრაინას. მოსკოვის თავდაცვითი ხაზი ზაპოროჟიეს ფრონტზე უკვე რამდენიმე ადგილზე არის გარღვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყირიმ-დონბასის ერთმანეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფანი შეიძლება ზამთრის დადგომამდე იქნას გადაჭრილი, ამის შემდეგ კი უკრაინის ჯარებს წინ ვერაფერი დაუდგება და ისინი აზოვის ზღვის ნაპირებზე გავლენ.
დიახ, უკრაინა უკვე ბოლომდე იყენებს თავის შეზღუდულ რეზერვებს, მაგრამ რუსეთი უფრო ცუდ დღეშია ჩავარდნილი – მოსკოვის არმია განწირულ მდგომარეობაშია: „რასაც კრემლი აცხადებს, სრული სიცრუეა. რუსეთს აბსოლუტურად აღარ ჰყავს სტრატეგიული რეზერვი’, – ამბობს გენერალი.

მისი თქმით, რუსეთის 25-ე არმიას, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთის ფრონტზე, ლიმანთან და კუპიანსკთან არის დისლოცირებული, ცოცხალი ძალის მხოლოდ 90% აქვს შენარჩუნებული და ტექნიკის – მხოლოდ 55%, ანუ რაც უნდა ჰქონდეს, იმის თითქმის ნახევარი აღარ აქვს.
იმ შეტყობინებების ფონზე, რომ რუსეთი აპირებს კვლავ მობილიზაცია გამოაცხადოსო, გენერალი კირილო ბუდანოვი ამბობს, რომ ჯარში გასაწვევი პერსონალის რაოდენობა რუსეთის ერთადერთ აშკარა უპირატესობას წარმოადგენს უკრაინასთან შედარებით.
„რუსეთის ადამიანური რესურსები, პრაქტიკულად, უსაზღვროა. მართალია, მათი საბრძოლო მომზადების დონე დაბალია, მაგრამ რაოდენობა საკმარისი ჰყავს“. რაც შეეხება რუსეთის ძალისხმევის სხვა კომპონენტებს, გენერლის აზრით, მოსკოვის რესურსები იფიტება და მას კრახი ელოდება:
„ვფიქრობ, რომ რუსეთის ეკონომიკა ომს მხოლოდ 2025 წლამდე გაუძლებს, ხოლო იარაღის მარაგი – ან 2026 წლამდე გამოელევა, ან უფრო ადრე“, – დამარწმუნებლად აცხადებს კირილო ბუდანოვი, – ამის დადასტურებაა ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკება: „თუ რუსეთს ყველაფერი წესრიგში აქვს,მაშინ რატომ ეძებენ იარაღს მთელ მსოფლიოში. პასუხი აშკარაა: თავისი უკვე ყველაფერი ამოღებული და გამოყენებული აქვს“.
დაზვერვის უფროსი აღიარებს, რომ უკრაინაც ძალიან რისკავს საკუთარი რესურსების გამოფიტვის თვალსაზრისით: „ჩვენ გარეშე მოთამაშეებზე ვართ დამოკიდებულნი, ხოლო რუსეთი – ძირითადად საკუთარ თავს ეყრდნობა. აქედან გამომდინარე, ხანგრძლივი ომი უკრაინისათვის სახიფათოა იმდენად, რამდენადაც იფიტება არამარტო უკრაინის, არამედ მისი დასავლელი მფარველების რესურსებიც. უკრაინის ოფიციალური პირები უკვე ამჩნევენ პარტნიორების გარკვეულ ყოყმანს და გადახრებს მათ მზადყოფნაში, რომ მხარდაჭერა ძველებურად გააგრძელონ. ზოგიერთები იმასაც კი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფა დასავლეთიდან ან ძალიან შემცირდეს, ან საერთოდ შეწყდეს (მოკავშირე ქვეყნებში პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით), რაც კონტრშეტევის შეჩერებას გამოიწვევს.
გენერალი კირილო ბუდანოვი ორივე ვერსიას უარყოფს და ამბობს, რომ მას სანდო სადაზვერვო მონაცემები აქვს დასავლეთის ქვეყნებში შექმნილი პოლიტიკური რეალიების შესახებ. „ყველაფერი ჯერ კიდევ აბსოლუტურად ცნობილი არ არის. არავინ არ იცის ზუსტად, ვინ მოვა ამა თუ იმ ქვეყნის სათავეში… დასავლეთის ქვეყნების სამხედრო საწყობებში ჯერ კიდევ ბევრი იარაღია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ რას ლაპარაკობს. მერწმუნეთ, რომ ჩვენ, სადაზვერვო სამსახური, ამ მომენტებს ძალიან კარგად ვხედავთ და ვიცით“.

უკრაინის სამხედრო მრეწველობა ათწლეულების განმავლობაში განიცდიდა მნიშვნელოვანი ინვესტიციების ნაკლებობას. დარგში გამეფებული იყო კორუფცია და საბოტაჟი. ამიტომაც საკუთარი იარაღის წარმოება ნელი ტემპით იზრდება. ერთ-ერთი მიმართულებაა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) და შორი მოქმედების რაკეტების წარმოება, რომლებსაც მტრისთვის ფრონტი ხაზის მიღმა, ღრმა ზურგში ზიანის მიყენება შეუძლიათ. გასულ კვირას მსოფლიო მოწმე გახდა უკრაინის ახალი ძლიერი შესაძლებლობებისა, როცა კიევმა რაკეტებისა და დრონების სერიით დარტყმა მიაყენა ყირიმში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზაში (სევასტოპოლში) დისლოცირებულ ხომალდებს, წყალქვეშა ნავებს, მშრალ გემთსაშენს და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს. გენერალ კირილო ბუდანოვის სადაზვერვო სამსახურს, ამგვარი ოპერაციების დაგეგმვაში და მათ რეალიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის. როგორც იგი აღნიშნავს, ასეთ შემთხვევაში დრონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ.
რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ უკრაინულ დრონებს, ძირითადად სამი მიზანი აქვთ: ა) დააზიანონ და „მოქანცონ“ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები; ბ) გამოიყვანონ მწყობრიდან რუსული ტრანსპორტი და ბომბდამშენები; გ) მიაყენონ დარტყმები სამხედრო მრეწველობის ობიექტებს. მაგალითად, ამას წინათ უკრაინულმა დრონებმა ტვერის ოლქში რუსეთის სარაკეტო საწვავის ქარხანა გაანადგურეს: „ჩვენ გვინდა, რომ რუსული ზურგის ობიექტები კომფორტის მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ – დაე, მათაც იგრძნონ ომის სიმწვავე“. არის კიდევ შედარებით მეორე ხარისხოვანი მიზანიც – ფსიქოლოგიური ზეწოლა, მოსახლეობაში შიშის გრძნობის დანერგვა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის დარღვევა. მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის აეროპორტების ნორმალური მუშაობისათვის ხელის შეშლა და მათი დახურვის ფაქტები სულ უფრო ხშირად ხდება და თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა.
გენერალი კირილო ბუდანოვი უარყოფს იმ ვარაუდებს, რომ ახალი დამრტყმელი პოტენციალის შეძენა (იგულისხმება მძლავრი დასავლური იარაღით აღჭურვა) ვითომდა ომის ესკალაციას გამოიწვევს და უკრაინას აგრესორად წარმოსახავს.

მისი თქმით, უკრაინის არმია ომის წარმოების წესებს არ არღვევს: „რუსეთში თითქმის ნულოვანი დონეა უკრაინის გამო სამოქალაქო მოსახლეობის სიკვდილიანობის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ კიევი [ჟენევის კონვენციების] მოთხოვნებს იცავს. განა დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ტერიტორიას ბომბავდნენ, აგრესორები იყვნენ? ამას ხომ არავინ არ დაიჯერებს“.
რაც შეეხება ბირთვულ საფრთხეს, კირილ ბუდანოვის თქმით, ეს არგუმენტი იმათი მოგონილია, ვინც რუსეთის ლობისტია და კრემლის მიმართ სიმპათიებს გამოხატავს: „ეს ომი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ომია, წყალქვეშა ნავებისა და სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით, მაგრამ ბირთვული პოტენციალის გარეშე“.

უკრაინის დაზვერვის შეფის თქმით, მისი უწყება მუშაობს, რომ რუსეთმა, შარშანდელი ზამთრის კამპანიის მსგავსად, ახლაც, მოახლოებულ ზამთარში „შურისგების“ ოპერაციები არ განახორციელოს (იგულისხმება ენერგოობიექტების დაბომბვები – ს.კ.). „ჩვენ თავს შევიკავებთ. დაე, თვითონ დაიწყონ და ყველა დაინახავს, ჩვენგან როგორ პასუხს მიიღებენ“.

კირილო ბუდანოვი არ ელოდება, რომ უკრაინას რუსეთი ოდესმე საკუთარი არჩევანით დანებდება. მისი თქმით, ომები რუსეთის ისტორიაში მისი არსებობის თანმდევ მოვლენას წარმოადგენს.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უკრაინის არმია ომს მოსკოვის წითელ მოედანზე რუსეთზე გამარჯვების აღსანიშნავად ჩატარებული აღლუმით არ დაასრულებს… მაგრამ მოსკოვს არასოდეს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ რუსეთი უკრაინაზე გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმს კიევში გამართავს“.

წყარო