„უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, გენერალ ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, გენერალი ალექსანდრე სირსკი უხელმძღვანელებს“ – Reuters

მსოფლიოს მასმედია აქტიურად აშუქებს უკრაინის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის არმიის სარდლობის შემადგენლობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას და გარკვეულ კომენტარებს აქვეყნებს.

გთავაზობთ ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოს „როიტერის” (Reuters) მიერ გავრცელებულ მასალას სათაურით „უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, გენერალ ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, გენერალი ალექსანდრე სირსკი უხელმძღვანელებს“ (ავტორები – ტომ ბალმფორტი და ოლენა ჰარმაში).

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური გენერალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გადააყენა. მის ნაცვლად ზელენსკიმ კრიტიკულ პოსტზე სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა. „დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვას ახალი გუნდი იღებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

„გენერალ ზალუჟნის მადლობელი ვარ ორწლიანი თავდაცვისთვის. მადლობელი ვარ ყოველი გამარჯვებისთვის, რომელსაც მივაღწიეთ ერთად და უკრაინელი მეომრების წყალობით… დღეს ჩვენ გულახდილად ვისაუბრეთ იმაზე, რომ არმიაში ცვლილებებია საჭირო, სასწრაფო ცვლილებები. გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი დავნიშნე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

სახმელეთო ძალების 58 წლის სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი რუსეთში, ვლადიმირის ოლქშია დაბადებული, მან სამხედრო განათლება საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მიიღო, სწავლობდა მოსკოვის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, 1986 წლიდან საბჭოთა არმიაში მსახურობდა, 1992 წლიდან კი უკრაინის არმიაშია.
ალექსანდრ სირსკიმ დიდი როლი შეასრულა 2022 წელს კიევის თავდაცვის ორგანიზებაში. იმავე წლის ბოლოს კი ხარკოვის ოპერაციის წარმატებით განხორციელებაში. მას მეტსახელად „ლეოპარდს“ უწოდებენ.

დასავლელი ექსპერტების აზრით, ეს საკმაოდ რისკიანი ნაბიჯია იმ დროს, როცა რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმასთან ორწლიან ბრძოლაში, მოსკოვი გარკვეულ უპირატესობას აღწევს. თუმცა, პრეზიდენტის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ასევე ამთავრებს რამდენიმე თვის მანძილზე გაჭიანურებულ სპეკულაციებს ვოლოდიმირ ზელენსკის და ვალერი ზალუჟნის შორის მომხდარ განხეთქილებაზე და გენერლის თანამდებობიდან გაშვების ვარაუდზე. ვალერი ზალუჟნი უკრაინაში ძალზე პოპულარული ფიგურაა და უკრაინაში მას ბევრი „რკინის გენერალს“ უწოდებს – ომის გმირად მიიჩნევს.

უკრაინას არმიაში პრობლემები აქვს. მობილიზაციის პროგრამის სწრაფი რეფორმის დანერგვის მიმართულებით. ვალერი ზალუჟნის გათავისუფლებამ, მისი ავტორიტეტიდან და პოპულარობიდან გამომდინარე, შესაძლოა არმიას მორალური დარტყმა მიაყენოს. ამას გარდა, გასათვალისწინებელია პოლიტიკური შედეგი და ის ზიანი, რაც შესაძლოა ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგს მიადგეს, მსგავსი პოპულარობის მქონე ფიგურის მოხსნის გამო.

ვაშინგტონი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ზელენსკია და საკადრო ცვლილებები მისი პრეროგატივაა. “ის არის მისი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. მან უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება მისი სამხედრო ლიდერი. სწორედ ეს არის სამოქალაქო კონტროლი. ჩვენ ეს ვიცით და ვიმუშავებთ მასთან, ვინც იქნება მისი სამხედრო მეთაური”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

წყარო