„უკრაინის მასმედია ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდამჭერთა „საინფორმაციო არმიის“ სამიზნე გახდა“ – Financial Times

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის მასმედია ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდამჭერთა „საინფორმაციო არმიის“ სამიზნე გახდა“ (ავტორი – ქრისტოფერ მილერი), რომელშიც მიმოხილულია პროსამთავრობო მასმედიის ბრძოლა დამოუკიდებელი მასმედიის წინააღმდეგ.
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

ცნობილ უკრაინელ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმებისა და მათ წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლობის კამპანიის გამო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეპუტაციას მასმედიის თავისუფლების დაცვის საქმეში ჩრდილი მიადგა.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ „მედიარუხი“ – უკრაინის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ასოციაცია – იშვიათად აკეთებდა განცხადებებს, თუმცა ორი დღის წინ ორგანიზაციამ ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დაგმოს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები და მათი გამოძიება კონტროლზე აიყვანოს, დამნაშავეთა გამოსავლენად.

„უცნობი აგრესორები ცდილობენ არაობიექტურად წარმოადგინონ უკრაინელი ჟურნალისტების საქმიანობა და ისინი „ხალხის მტრებად“, „რუსეთის აგენტებად“, „ნარკომანებად“ შერაცხონ და მათი პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაცია მოახდინონ“, – ნათქვამია განცხადებაში, – „დაფიქსირებულია ჟურნალისტთა დევნისა და თვალთვალის, უკანონო სატელეფონო მოსმენების ამსახველი ფაქტები, რაც ჟურნალისტთა უფლებების დარღვევასა და მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევას წარმოადგენს. ეს ყველაფერი მიმართულია ზეწოლის განსახორციელებლად დამოუკიდებელ მასმედიაზე“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასოციაციის განცხადების პასუხად, აღნიშნა, რომ ნებისმიერი ზეწოლა ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია და რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება მომხდარი ფაქტების თაობაზე.
უკრაინაში მასმედიის თავისუფლება ნაწილობრივ შეზღუდულია რუსეთთან ომის გამო, რასაც ქვეყნის მთავრობა ეროვნული უსაფრთხოებისა და უკრაინის ინტერესების დაცვის აუცილებლობით ხსნის. ამასთან,ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კიევის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ომის გამო [დაწესებული შეზღუდვები] ხელს უშლის უკრაინული მასმედიის არსებობას.

უკრაინელი ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ცილისმწამებლური კამპანია [სოციალურ ქსელებში] ადრეც ხორციელდებოდა ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს ასეთი ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა რეალურ ცხოვრებაში. ჟურნალისტი-გამომძიებელი იური ნიკოლოვი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროში არსებული კორუფციის შესახებ წერს, ამას წინათ რამდენიმე უცნობი მამაკაცის აგრესიის სამიზნე გახდა – ისინი ჟურნალისტს ბინასთან მიეჭრნენ და კარზე უკაკუნებდნენ, თან გაჰყვიროდნენ, რომ მას დაიჭერდნენ და ფრონტზე გაგზავნიდნენ. უცნობმა პირებმა მისი ბინის კარზე ააკრეს პლაკატები – „აქ ცხოვრობს ქვეყნის მოღალატე“ და „პროვოკატორი ჟურნალისტი“.

თავის დროზე იური ნიკოლოვის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიებმა თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი გადადგომამდე მიიყვანა – სამხედრო უწყების ხელმძღვანელი პირდაპირ იყო დადანაშაულებული, რომ იგი ხელს უწყობს მექრთამეობისა და კორუფციის აყვავებას სამინისტროს სტრუქტურებში.

ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე მამაკაცების ფოტოსურათები პროსამთავრობო Telegram-არხებში იქნა ნაპოვნი, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ინციდენტი ერთ-ერთი სამართალდამცველი ორგანოს „ლოცვა-კურთხევით“ განხორციელდა.

ნატალია ლიხაჩოვა – Detector Media-ს მთავარი რედაქტორმა, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადრე არასასურველი ჟურნალისტების მიმართ მთავრობის კარნახით და ნებართვით ონლაინ-შეტევები ვირტუალურად ხდებოდა, ახლა კი ეს შეტევები რეალურად, ფიზიკურად ხორციელდება.

პროსამთავრობო ონლაინ-გამოცემები, რომლებიც საკუთარ თავს „საინფორმაციო არმიას“ უწოდებენ, ყველაზე მზაკვრული სახით მოქმედებენ – ისინი ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც მთავრობის მოქმედებას [სამართლიანად და ობიექტურად] აკრიტიკებს, რუსეთის აგენტებსა და ქვეყნის მოღალატეებს უწოდებენ და პრეზიდენტის მტრებად წარმოაჩენენ.

იური ნიკოლოვს თავსგადახდენილი ინციდენტის შემდეგ მსგავსმა პროსამთავრობო გამოცემებმა ყურადღება მიაპყრეს საინფორმაციო სააგენტო Bihus.info-ს საქმიანობას, რომელიც დაკავებული იყო უკრაინის მთავრობაში კორუფციის ფაქტების გამოვლენა-გამომჟღავნებით.

როგორც სააგენტოს დამაარსებელი დენის ბიგუსი ამბობს, მისი რამდენიმე თანამშრომელი ხელისუფლების სტრუქტურების თვალთვალის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, როცა ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოაქვეყნეს. სულ მალე ინტერნეტში ვიდეოკადრები დაიდო – ჟურნალისტები კერძო საახალწლო საღამოზე იყვნენ მიწვეულნი, კიევის ახლოს, ერთ-ერთ სახლში და ისინი თითქოსდა აკრძალულ ნარკოტიკებს იყენებდნენ. დენის ბიგუსის თქმით, კოტეჯში ფარულად იყო დამონტაჟებული ვიდეოკამერა, მფლობელის ნებართვის გარეშე. ისმინებოდა სატელეფონო საუბრებიც.
საქმე იმაშია, რომ Bihus.info-ს ჟურნალისტებმა მიაკვლიეს და მოიპოვეს ბიუჯეტიდან მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანიის ანგარიში, რომელშიც გაანალიზებული იყო უკრაინის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გამოქვეყნებული მასალები, რომლებშიც გაკრიტიკებული იყო პრეზიდენტი და მისი გარემოცვა, ქვეყნის მთავრობა და სხვა სახელმწიფო უწყებები. კომპანიას აკონტროლებს ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“.
„რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო იყო იმ საახალწლო საღამოს კადრების ნახვა, მაგრამ ეს ფაქტი, თავის მხრივ, იმასაც ადასტურებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს ფულიც ბევრი აქვთ, დროც და შთაგონებაც მოქალაქეთა პირად ცხოვრებაზე ამგვარი სისტემატური თვალთვალის განსახორციელებლად, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ არის მიმართული“, – ამბობს დენის ბიგუსი.

თავის მხრივ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა (СБУ) გაავრცელა განცხადება, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე Bihus.info-ს თანამშრომლების სატელეფონო საუბრების უკანონოდ მოსმენისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ ჩაწერის გამო. მასში აღნიშნულია, რომ „დამოუკიდებელი მასმედიის გამჭვირვალე და პროფესიული მუშაობა უკრაინის დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს“.
ვიდეოკადრები ატვირთული იყო „იუთუბ-არხზე“ სახელწოდებით „ხალხის სიმართლე“, რომელსაც, უკრაინელ „ფაქტჩეკერთა“ (Ukrainian fact checkers) აზრით, ქალი ხელმძღვანელობს. მისი გამოსახულება ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

„ხალხის სიმართლე“ გარეგნულად და ტაქტიკით 2013 წლის პროექტს მოგვაგონებს, სახელწოდებით „უკრაინული სიცრუე“, რომელიც მიმართული იყო ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ცნობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც იმდროინდელ პრორუსულად განწყობილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს აკრიტიკებდნენ.

იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც ათი წლის წინათ „უკრაინული სიცრუის“ სამიზნეში მოხვდნენ, ოქსანა რომანიუკიც იყო – იგი იმ დროს არასამთავრობო ორგანიზაციის „მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის“ დირექტორად მუშაობდა. მას ელექტრონული ფოსტა გაუტეხეს და ყველა პირადი ხასიათის მასალა ინტერნეტში გამოუქვეყნეს.

„ძალზე სამწუხაროა, რომ მომხდარი ფაქტები ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდს გვაგონებს. მათი ადგილი 2024 წელს არ უნდა იყოს““, – აღნიშნა ოქსანა რომანიუკმა „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში.

პოლიტიკოსებმა, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო უკმაყოფილონი არიან, ამ შესაძლებლობით ისარგებლეს და შეშფოთება გამოხატეს.

როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო (იგი ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი ხნის პოლიტიკური მოწინააღმდეგეა) ამბობს, ასეთი ფაქტები მთავრობისათვის არასასურველი დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას წარმოადგენს. „ის, რაც დღეს ხდება, სახელმწიფოს ერთიანობასა და მისი არსებობის დემოკრატიულ პრინციპებს ანგრევს. ეს არის უკრაინის რეპუტაციისადმი მიყენებული ზიანი“, – დაწერა კიევის მერმა თავის Telegram-არხში.

უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადის) კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვის თავისუფლების საკითხებში იროსლავ იურჩიშინმა განაცხადა, რომ „Bihus.info-ს ჟურნალისტების მიყურადება და თვალთვალი მათზე განხორციელებულ უკანონო ზეწოლას წარმოადგენს“.

„თუ უკრაინის ხელისუფლების სამართალდამცველი ორგანოები გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანენ და დამნაშავეებს ვერ დაადგენენ, ამით დადასტურდება ეჭვი – ისინი უკანონოდ ხელისუფლების ზოგიერთი მოღვაწის სახელით მოქმედებდნენ“, – ხაზი გაუსვა დეპუტატმა.

წყარო