ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის კოოპერაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალას პარკში, TIKA-მ ”გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციას” საჩუქრად გადასცა სკები, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი და მეფუტკრეთათვის სპეცტანსაცმელი. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ. მან, თურქულ მხარეს, ქართველი ვეტერანების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა: “მინდა, აღვნიშნო, რომ თურქეთის მხარეს, გარდა ამ ტექნიკური მხარდაჭერისა, კიდევ ბევრ სფეროში შეუძლია, თანადგომა გამოუხატოს ქართველ ვეტერანებს, ჩვენს სამსახურს, რაც გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ, ორივე მხარისთვის მისაღებ და სასარგებლო სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებს გულისხმობს. ვიმედოვნებ, წინ, გეგმაზომიერი ნაბიჯებით ისევ გავაგრძელებთ სვლას. თურქეთში ამბობენ _” კედელი ერთი ქვით ვერ აშენდებაო”, ქართველებისთვის კი, მეგობრობა და მეგობრის დაფასება ცხოვრების დევიზია. ჩვენ, ერთად, ერთიანი ძალისხმევით, მართლაც ასაშენებელი გვაქვს კედელი, რომელიც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება!”- აღნიშნა კობა კობალაძემ.
შეკრებილთ, ასევე, სიტყვით მიმართეს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, თუბა ოზუტოკმა, ბათუმში თურქეთის ვიცე- კონსულმა თურან ოღუზხან გიონულთაშმა, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში, გიორგი ურუშაძემ, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული მართვის სამსახურის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ, მეფუტკრე ფერმერმა, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, გურამ ასათიანმა. მათ ხაზი გაუსვეს ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და თანადგომის მნიშვნელობას რეგიონში ვეტერანთა და მათი ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და ვეტერან ფერმერთა გასაძლიერებლად. პარკის ტერიტორიაზე, ასოციაციის წევრ ფერმერთა მიერ მოყვანილი და წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია განთავსდა, რომელიც მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს.
ღონისძიებას მხარდაჭერა და მასპინძლობა გურიის სამხარეო ადმინისტრაციამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაუწია.
ცერემონიას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ”გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაციის” წევრები, სოფლის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კონსტანტინე ხუცაიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ოზურგეთის ვაჟ მომღერალთა ანსამბლმა.
ცნობისთვის, ”გურიის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერან ფერმერთა ასოციაცია” მიმდინარე წელს, გურიაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ინიციატივითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით დაარსდა. იგი 150-მდე ომის ვეტერანსა და 2 კოოპერატივს აერთიანებს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, თურქული მხარის თანადგომით, რამდენიმე პროექტი უკვე განხორციელდა. “TIKA” თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რამდენიმე წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურმიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.