“თუ ტერაქტს რაიმეთი ამართლებ, სულ მცირე ტერორიზმის მხარდამჭერი გამოდიხარ”-ამირან სალუქვაძე

შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება, არ მოგწონდეს სახელმწიფო, იყოს შენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი, შეიძლება იყო ომში ქვეყანასთან, მაგრამ სროლის და ომის ადგილი არის ბრძოლის ველზე – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე  მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს.

რუსეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ვერსიებს რომ წინასწარ წერდნენ, თანაც უმეტესობა ერთსა და იგივეს, ეს არაა პრობლემა. მაგრამ როცა ტერაქტს ამართლებენ, ეს უკვე დაავადებაა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა “იგილ”-მა აიღო. ამიტომ დალოდება სჯობს ხოლმე.

გუშინ ტერაქტს გაემიჯნა რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის უკრაინის ხელისუფლება.

სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის მოსახლეობას, მსხვერპლთა ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადეს დასავლეთის ლიდერებმა, თეთრმა სახლმა.

ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებიც ღიად წერენ, რომ ხალხი იმსახურებს დახოცვას. სხვადასხვა არგუმენტები აქვთ.

ტერაქტი ვერ მართლდება არგუმენტებით. თუ ტერაქტს რაიმეთი ამართლებ, სულ მცირე ტერორიზმის მხარდამჭერი გამოდიხარ.

შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება, არ მოგწონდეს სახელმწიფო, იყოს შენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი, შეიძლება იყო ომში ქვეყანასთან, მაგრამ სროლის და ომის ადგილი არის ბრძოლის ველზე.

ვინც ტერორს, შეუიარაღებელი ხალხის ხოცვას ამართლებს, ან ღირებულებითი პრობლემები აქვთ, ან უბრალოდ არ უფიქრიათ ღრმად ამ თემაზე.
ომშიც კი, ბრძოლის ველზე, უიარაღოს არ ესვრიან, ტყვეების დახოცვა ითვლება სამხედრო დანაშაულად. ტერაქტი კიდევ უფრო მეტად ამორალურია, ვიდრე ტყვეების დახოცვა. ეს აქსიომაა და კამათს არ ექვემდებარება”- წერს  ამირან სალუქვაძე.