“თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის”- ადამ კინზინგერი

ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ამბობს, რომ ამერიკის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია და ეს ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის საქართველოს პარტნიორ ქვეყანაში. კონგრესმენი გასულ კვირას საქართველოსთვის დამატებითი სამხედრო დახმარების ინიციატივითაც გამოვიდა და თქვა, რომ რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე, საქართველომ მეტი იარაღი უნდა მიიღოს.

ამის შესახებ ადამ  კინზინგერმა  “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

 ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

– როდესაც რუსეთთან მიმართებით პოლტიკაზე ვსაუბრობთ, მინდა გკითხოთ ე.წ პრაგმატულ პოლიტიკაზე, რომლის გატარებასაც საქართველოს ხლეისუფლება რუსეთთან ცდილობს. როგორ ფიქრობთ, მოუტანს ეს რაიმე კარგს ქართველ ხალხს, შეძლებს საქართველო ამით რაიმე სარგებელი ნახოს?

– მე მჯერა, რომ თუ ეცდები მიუახლოვდე რუსეთს, აუცილებლად დაიწვები. შეხედეთ მაგალითისთვის ჩვენს მეგობრებს გერმანიაში. მათ იფიქრეს, რომ შეეძლოთ პრაგმატული პოლიტიკა ჰქონოდათ რუსეთთან მიმართებით და “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის აშენება გადაწყვიტეს. საბოლოოდ, გაცილებით უარეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

როდესაც უკრაინაში ეს ომი დასრულდება, არავინ ამბობს, რომ საქართველოს არ შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. განსხვავება ისაა, რომ თუ გჯერა, რომ დათვის შეკავება შეგიძლია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, და ფიქრობ, რომ ტორი არ მოგხვდება, უნდა იცოდე, რომ ეს ტყუილია, ტორი აუცილებლად მოგხვდება.

ამერიკა არ ცდილობს, რომ საქართველო ჩართოს რაიმე ტიპის ომში უკრაინაში. ამერიკას სურს, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. ნებისმიერი კომენტარი, რომელიც საწინააღმდეგოს ამბობს, ან ამტკიცებს, რომ შეგიძლია დაუახლოვდე რუსეთს და არ მოგიწიოს ამასთან თანხმლებ პრობლემებთან გამკლავება, უბრალოდ არარეალისტურია.

– თქვენ რუსეთთან დაახლოების საფრთხეებზე ისაუბრეთ და ეს მახსენებს თქვენს “ტვიტს”, რომელიც გამოაქვეყნეთ და თქვით, რომ საქართველოს 1/3 ოკუპირებულია და როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, საქართველომ “ჰაიმარსები” უნდა მიიღოს. ჰაიმარსები უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვინაიდან ისინი ომის აქტიურ ფაზაში არიან. რისი მომტანი იქნება ეს ამბავი საქართველოსთვის თუ ეს მოხდება და რამდენად რეალური გგონიათ “ჰაიმარსების” გადაცემა?

– არ ვიცი ეს რამდენად რეალურია, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, სად გვინდა, რომ ამ ურთიერთობებში წავიდეთ.

მე ყოველთვის ვცდილობ, რომ შევახსენო ქართველებს, უფრო მეტად კი ამერიკელებს, რომ საქართველო ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო და მხოლოდ ამერიკას ჩამორჩებოდა ამ მაჩვენებლით. მათ [ქართველებმა] ნამდვილად აჩვენეს, რომ მზად არიან დაიცვან საკუთარი ქვეყანა, ამისი უნარი აქვთ. მათ სჭირდებათ პარტნიორებთან თანამშრომლობა.

იმის მიხედვით, რაც უკრაინაში რუსების იქ ყოფნისას ვნახეთ, ისაა, რომ რუსეთი რეაგირებს არა ძალაზე, არამედ ის რეაგირებს სისუსტის აღქმაზე. რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, თუ იფიქრებს, რომ მოგება შეუძლია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მივცეთ იარაღი არა იმისთვის, რომ რუსეთს თავს დაესხას, არამედ იმისთვის, რომ მათ ნათლად უთხრან: შენ უკანონოდ გაქვს ოკუპირებული ჩემი ქვეყნის 1/3 და შენ მეტის ოკუპირება აღარ შეგიძლია, ჩვენ თავს დავიცავთ.

ვფიქრობ, უნდა დავუბრუნდეთ იმის გააზრებას, რომ ძალა თავიდან იცილებს ომს და სისუსტე მხოლოდ კარს უღებს მას.

– როდესაც ომზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ რუსეთს არა მხოლოდ ფიზიკური ომი აქვს წამოწყებული არჩეულ ქვეყნებში, არამედ საინფორმაციოც. სპეკუალცია იმაზე, რომ თითქოს ამერიკა ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს, ჟღერს თუ არა, როგორც რუსული დეზინფორმაცია და რატომ?

– როდესაც მთავრობაში არსებული გარკვეული ძალებისგან მესმის, რომ ამერიკა ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს ნამდვილად ჟღერს, როგორც რუსული პროპაგანდა. პირველ რიგში, მოდით, ამის ლოგიკურ ახსნაზე ვიფიქროთ. ერთი რამ, რაშიც, წესით, ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს ისაა, რომ ამერიკას საერთოდ არ სურს, რომ უკრაინაში ომი იყოს. თუმცა, ასევე გვესმის, რომ უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისთვის იბძვიან. ჩვენ მათთან ერთად ვართ, ვაწვდით იარაღს, რათა მათი ტერიტორიის არცერთი ნაგლეჯი არ დაიკარგოს, ესაა ის, რისთვისაც ვიბრძვით.

დიახ, გვსურს, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, ეს არაჩვეულებრივი იქნება. მაგრამ თავად ის იდეა, რომ ჩვენ ვცდილობთ საქართველო ჩავითრიოთ აქტიურ ომში რუსეთთან, ეს უბრალოდ სასაცილოა. ყოველთვის, როდესაც რაღაც მსგავსი მესმის, ან როდესაც ჩვენს ელჩზე ხორციელდება თავდასხმა, მაგალითად ქალბატონ დეგნანზე, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს, სულ მიჩნდება კითხვა – რა სურვილი ამოძრავებს საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წევრს? მართლა სურთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლოს იყვნენ, თუ უბრალოდ თავს გვაჩვენებენ რომ ასეა, რადგან იციან, რომ ქართველ ხალხს სურს ამერიკასთან ახლოს ყოფნა?

ყველა ლიდერს საქართველოში ერთ რამეს ვეტყოდი: ებრძოლეთ დეზინფორმაციას. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ძალა, აღმოჩნდა, რომ არც კულტურული ძლიერება აქვთ, მეტიც, ხალხს საკუთარი მთავრობა ეზიზღება. დამიჯერეთ, არ გინდათ, რომ იგივე თქვენს ქვეყანაშიც გქონდეთ.

– იმ განცხადებებთან ერთად, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, თქვენ ასევე ახსენეთ, ელჩი დეგნანის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია. “მითების დეტექტორის” ბოლო კვლევის მიხედვით, სოციალურ ქსელში, გვერდები, რომლებიც კელი დეგნანის წინააღმდეგ სიძულვილის ენას და დეზინფორმაციას ავრცელებენ, არიან არამარტო პრო-კრემლისტური და ანტი-დასავლური, არამედ მთავრობის მიერ კონტროლირებადი გვერდებიც. რას ფიქრობთ ამაზე? როგორ უყურებს ამერიკა ამერიკის ელჩზე თავდასხმას?

– ყველა ქვეყანაში, რომელიც თავისუფალია და სიტყვის თავისუფლებას პატივს სცემს, იქნება დეზინფორმაცია. ეს ამერიკაშიც გვაქვს. აქ გვყავს ხალხი, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მომხრეები არიან, დეზინფორმაცია აქაცაა. განსხვავება ისაა, რომ ხელისუფლება აქტიურად არ ავრცელებს დეზინფორმაციას.

მე არ ვიცი ყველა დეტალი იმისა, რაც საქართველოში ხდება, თუმცა მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ელჩი დეგნანი დიდ საქმეს აკეთებს შეერთებული შტატების სახელით, სრული განზრახვით, დაეხმაროს ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. როდესაც მისნაირ ადამიანს დეზინფომაციით ესხმი თავს, მაშინ შესაძლოა, რომ გარკვეული ინფორმაციის გაჟონვაც ხდებოდეს სამთავრობო ძალებიდან. ეს კი ძალიან ცუდ გზავნილს უგზავნის შეერთებულ შტატებს- რომ შესაძლოა არ გინდათ ჩვენთან მეგობრობა.

თუ თქვენ სამთავრობო ლიდერი ხართ, ან უბრალოდ საქართველოს მოქალაქე და გსურთ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყნის მომავალს შეხედოთ, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს აწარმოებს, თუ ამ ქვეყნის მომავალს უყურებთ და ხედავთ რუსეთის ცივ შენობებს, რუსეთის უგულობას და ასევე ხედავთ, რომ ყველა სიცოცხლე დასავლეთში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრება აქვთ, მე გეტყოდით, რომ ეს უკანასკნელი აირჩიოთ.

როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო.

– ელჩი დეგნანის წინააღმდეგ კამპანია, განსაკუთრებით აქტიური გასულ კვირებში გახდა, თუმცა ის გრძელდება. ღია წერილები “ქართული ოცნების” პარტიის ახლა უკვე ყოფილი წევრებისგან, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები, არ შემწყდარა. როგორ ფიქრობთ, საით მიდის ეს კამპანია- ვერ ხვდებიან რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ასეთი განცხადებები, თუ ამას მიზანმიმართულად აკეთებენ?

– ჩემთვის რთულია მოტივაციის გამოცნობა, მაგრამ ვიტყვი, რის გამო ვიქნებოდი შეშფოთებული. მე არავის ვუყენებ ბრალდებას, მაგრამ ჩემი საფიქრალია ის, რომ თითქოს არსებობს მცდელობა, გარკვეული მტრობა ჩამოყალიბდეს საქართველოსა და ამერიკას შორის, რაც სამომავლო საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს უფრო გააადვილებდა.

ახლა მთავრობას არჩევანი არ აქვს, ისინი სიმპათიებით უნდა იყვნენ განწყობილნი დასავლეთისა და ამერიკის მიმართ, რადგან ესაა ის, რაც ქართველ ხალხს სურს. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი საკუთარ თავს დასავლეთად აღიქვამს და ჩვენც, საქართველოს დასავლეთად აღვიქვამთ. ასე რომ შეშფოთების საგანი ისაა, რომ არსებობს მოძრაობა, ან მცდელობა იმისა, რომ შეიქმნას დისტანცია ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის.

ნება მომეცით, ეს პირადად ვუთხრა ქართველ ხალხს: ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს უკიდურესად მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს – იქნება ეს ეკონომიკური, რეგიონული თუ სხვა მიმართულებით.

ჩვენი ურთიერთობებისადმი არსებობს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის კონგრესსა და საპრეზიდენტო ოფისში. ნებისნიერი მცდელობა, რომელიც ჩვენ შორის დისტანციის შექმნას ემსახურება, ჩემი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს არ წაადგება.

– როგორ ფიქრობთ, ბოლოდროინდელი მოვლენები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, იქონიებს თუ არა გავლენას საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე?

– ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ჩვენს ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება. ვფიქრობ მომავალი განისაზღვრება იმით, დღეიდან როგორ და სად წავალთ. კიდევ ერთხელ, არავინ ამბობს, რომ საქართველო კრიტიკული არ შეიძლება იყოს ამერიკის ელჩის მიმართ, თუ ეს მიზეზები ლეგიტიმურია.

ჩვენ, როგორც ქვეყნებს, შეიძლება დიდი განსხვავებები გვქონდეს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ რომელიმე ელჩს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. მაგრამ არ შეიძლება, რომ ვიტყუებოდეთ იმაზე, რაც ხდება და ვცდილობდეთ, რომ ყალბი სურათი შევქმნათ.

კიდევ ერთხელ, ამერიკა და საქართველო ყველაფერში არ ეთანხმებიან ერთმანეთს, ელჩი დეგნანი კი სუპერგმირია, რომელიც ცდილობს, რომ ძლიერი ურთიერთობები დაამყაროს [საქართველო-ამერიკას შორის]. ვიმედოვნებ, რომ ურთიერთობები არ დაზიანებულა, თუმცა ეს საბოლოოდ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

– ინტერვიუს ბოლოს, მინდა კვლავ იმ თემას დავუბრუნდე, საიდანაც დავიწყეთ – “ჰაიმარსები” და დამატებითი სამხედრო დახმარება საქართელოსთვის. ფიქრობთ თუ არა, რომ რეგიონში არსებული სიტუაციის გამო, საქართველო განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა და აქედან გამომდინარე, სჭირდება დამატებითი სამხედრო დახმარება იქნება ეს ამერიკისგან, ევროკავშირისგან თუ ნატოსგან?

– მჯერა, რომ საქართველოსთვის რისკები გამწვავებულია და ვფიქრობ, რომ ახლაა დრო შევაფასოთ რა სჭირდება ქართულ ჯარს. ჩვენი ურთიერთობები უკვე საკმაოდ მყარია – როდესაც ბოლოს საქართველოში ვიყავი, ქართველი ჯარისკაცების სარეაბილიტაციო ცენტრი მოვინახულე, ვნახე ასევე ერთობლივი წვრთნებიც. ასე რომ, ახლა ძლიერი პარტნიორობა გვაქვს. თუმცა, ვფიქრობ რომ უნდა გავაანალიზოთ თავდაცვის, ან ზოგიერთ შემთხვევაში თავდასხმის დასავლური რა იარაღი სჭირდება საქართველოს და როგორ უნდა მიიღონ მათ ისინი, ვინაიდან მიწოდებისთვის, თავისთავად გარკვეული დროა საჭირო.

ეს იარაღი შესაძლოა არ იყოს თავიდანვე “ჰაიმარსები”, მაგრამ მჯერა, რომ “ჰაიმარსებს” მომავალში შეუძლიათ შემაკავებელი იარაღის როლი ითამაშონ.

საჭიროა საქართველოს საჰაერო ძალების მოდერნიზებაც. მე მჯერა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მჭიდრო საჰაერო მხარდაჭერის გარკვეული შესაძლებლობა უნდა არსებობდეს.

მთელ ამ პროცესს წლები დასჭირდება, მაგრამ მგონია, რომ ახლა საუკეთესოა დროა მუშაობის დასაწყებად. როდესაც ძლიერი საბრძოლო ნება გაქვს, არა სურვილი, არამედ ნება, ეს თითქმის არ ტოვებს შანსს, რომ ომი დაიწყება.