თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოსა და  საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ და შპს „საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ“-ს რექტორმა გია კავთელიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები კვალიფიკაციის ასამაღლებელ სპეციალურ სასერტიფიკატო კურსებს ერთობლივად შეიმუშავებენ. თავის მხრივ, საკრებულო იღებს ვალდებულებას ყოველწლიურად უზრუნველყოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტების სტაჟირება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მუნიციპალიტეტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის საკრებულოსა და სეუ-ს პარტნიორობა ნაყოფიერი იქნება. მისივე თქმით, სტაჟირება, ახალი კანონმდებლობის თანახმად, სექტემბრიდან, სამუშაო სტაჟად ჩაითვლება, რაც სტუდენტებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

თავის მხრივ, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ სეუ-ს რექტორს გია კავთელიშვილს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ  დღეს გაფორმებული მემორანდუმი მისთვის, როგორც ისნის რაიონის მაჟრიტარისთვის, ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგან უნივერსიტეტის შენობა ისნის რაიონში მდებარეობს.  როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, აღნიშნული მემორანდუმი საგანმანათლებლო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს.

“მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის საკრებულოს, რადგან ჩვენს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა სწავლის პერიოდში პრაქტიკაში განახორციელონ. მიხარია, რომ ეს მემორანდუმი არის ორმხრივად სასარგებლო, რადგან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ტრენინგები SEU-ში და აიმაღლონ კვალიფიკაცია”, – განაცხადა გია კავთელიშვილმა.

თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს  შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი 5 წლის ვადით გაფორმდა.