თბილისის საკრებულოს წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

საკრებულოს წევრებმა ქართველი მებრძოლების საფლავები გვირგვინით შეამკეს და მათ ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოთქვა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული რჩეული გმირებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გამო.

 

„8 აგვისტო ჩვენი უახლესი წარსულის ტრაგედიაა, მაგრამ ჩემთვის, ისე როგორც თითოეული ქართველისთვის, ეს დღეები ასოცირდება გმირობასთან, თავგანწირვასთან და ეროვნულ ერთიანობასთან. აგვისტოს ომში კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ქართველი კაცის უდრეკი სული, თავისუფლების დაუოკებელი წყურვილი, მზადყოფნა სიცოცხლე გაიღოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების და მათი ოჯახების წინაშე!“ -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ