თბილისის საკრებულოს პროექტის ,,კინო ყველგან’’ ფარგლებში მორიგი ჩვენება გაიმართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტი ,,კინო ყველგან’’ გრძელდება. 

მორიგი  კინოჩვენება  ამჯერად ვარკეთილის რაიონში, ზემო პლატოს ტერიტორიაზე მდებარე ხევის პარკში გაიმართა.

ღია სივრცეში შეკრებილი მაყურებლისათვის 8 აგვისტოს ომის თემატიკასთან დაკავშირებით რეჟისორ  დიტო ცინცაძის მხტვრული ფილმის “შინდისი”  ჩვენება მოეწყო.

“აგვისტო საკმაოდ მძიმე თვეა თითოეული ჩვენგანისთვის. ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ გმირთა შესახებ, რომლებიც უთანასწორო ბრძოლას შეეწირნენ. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს,  სიმბოლურად  რეჟისორ დიტო ცინცაძის მხატვრული ფილმის “შინდისი” ჩვენება გავმართეთ”-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

პროექტის მნიშვნელობაზე სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კინოჩვენების მიმართ მოსახლეობის დაინტერესება  დიდია.

„ მიხარია რომ „ კინო ყველგან“ დღეს ჩვენს  რაიონშიც ჩატარდა. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქართული კინოს პოპულარიზაციას და არაერთ საინტერესო ფილმს აჩვენებს  დედაქალაქის მოსახლეობას“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების აქტიური ჩართულობით ხორციელდება.

გამართულ ჩვენებას  თბილისის საკრებულოს და   დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები, ასევე  ქართული კინოს მსახიობები დაესწრნენ.     კინოჩვენების  სპონსორები  შპს  ” სოლარი”  და შპს „ჯეო მარკი“   იყვნენ.