თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი მილიარდ 632 მილიონ ლარია, რაც ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღებ სესხთან ერთად, ჯამში, მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს.

დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის კახა კალაძის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და 30 ხმით 3 წინააღმდეგ  დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

 საკრებულოს სხდომა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გახსნა. თბილისის მერმა საკრებულოს სხდომაზე 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გახსენებითა და მისი ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო. მან მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება ძირითად პრიორიტეტებზე გაამახვილა.

 კახა კალაძის ანგარიშის შემდეგ, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები გააცნო. მისი განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 632 132,6 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 305 418,2 ათასი ლარი) მიმართებაში  326 714,4 ათასი ლარით, ხოლო 2023 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან (1 438 775,2 ათასი ლარი) შედარებით 193 357,4 ათასი ლარით გაზრდილია.

 ვიცე-მერმა იმ ძირითად პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება 2023 წლიდან იგეგმება. გაზრდილი ბიუჯეტი შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა – აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ, საკრებულოს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერს კითხვები  ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მწვანე სივრცეებზე, სამაჟორიტარო ოლქებში არსებულ სხვადასხვა საკითხებზე.

 ოპოზიციის მხრიდან კი კითხვები პოლიტიკურ საკითხებს ეხებოდა. დედაქალაქის მერის და ვიცე-მერის მხრიდან კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა მერის ანგარიში შეაფასეს.

 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერს კახა კალაძეს საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ მადლობა გადაუხადა, მერის ანგარიშს მოქალაქეების დაკვეთის შესაბამისი უწოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა კოლეგებს, ბიუჯეტთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციების გამო და განაცხადა, რომ  საკრებულოს წარმომადგენლების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები ბიუჯეტში ასახულია.