“ქალბატონო მზექალა, რამდენიმე წლის წინ, თქვენი ორგანიზაციის სახელით გადმომეცით დიპლომი როგორც წარმატებულ ქალს, ქვეყნის დემოგრაფიული განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ბევრი ჯილდო მიმიღია ცხოვრებაში, მაგრამ თქვენსას განსაკუთრებული სიყვარულით ვინახავ. როგორც ყველა ქართველი, მეც უდიდეს პატივს გცემთ.
გჯეროდეთ, მე არ ვიქნები იმ გუნდში, სადაც პატივს არ სცემენ მეცნიერებას, მე თავად ვარ ახალგაზრდა მეცნიერი და თქვენსავით მეც ვარ დაინტერესებული ქართული მეცნიერების განვითარებით. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ეს არის.
ჩვენი გუნდი ზუსტად იმ ღირებულებებზე დგას, რითაც თქვენ ზრდიდით თაობებს. ჩვენთვისაც მთავარი საფიცარი ღმერთი და სამშობლოა. ჩვენგან ღალატი არ იქნება. დღევანდელმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყნის და დედა ეკლესიის ერთგულია. ასეთები მტრულ საქმეს არ აკეთებენ. ასეთები მხოლოდ ქვეყნისთვის იღწვიან.
გვესმის თქვენი სამართლიანი წუხილის. ოპოზიციის წყალობით, კანონპროექტის დეტალური განხილვა ვერ მოხერხდა, თორემ ამას აუცილებლად გაიგებდით. კანონპროექტი მხოლოდ დემოკრატიულ ჩარჩოში ზის და ემსახურება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
ჩვენ მიერ შემუშავებული კანონპროექტი არ ეხება მეცნიერების დაფინანსებას, არ ეხება უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც ისედაც შპს-ები არიან და არ ეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან, ასევე, არც იმათ, რომლებიც ახორციელებენ სოციალურ პროექტებს. ამის შესახებ ჩვენი მოძრაობის ლიდერებმა გააკეთეს განცხადება.
გარდა ამისა, “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის სწორედ განვითარებული, დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, მათი კანონმდებლობების ასლი და არა რუსეთიდან გადმოღებული ინიციატივა. თქვენ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნარატივის ზეგავლენის ქვეშ ხართ მოქცეული. არ დაიჯეროთ, ჩვენი კანონპროექტი არ ლახავს და არ ზღუდავს სამოქალაქო სექტორის მუშაობას. ის მხოლოდ გამჭვირვალეს ხდის მათ საქმიანობას, რაც თავისთავად, დემოკრატიის მთავარი მოთხოვნაა.
ქალბატონო მზექალა, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ თქვენ მიმართ უდიდეს პატივისცემას მე და ჩვენი გუნდის ყველა წევრი”-ნათქვამია თამარ ჩიბურდანიძის განცხადებაში, რომელიც “ხალხის ძალის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე ამბობს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს და რომელიც საქართველოს მოქალაქეებს „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად“ გამოაცხადებს, ხელს შეუშლის მეცნიერების განვითარებას.
„საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ ინიციირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ყოველმხრივ საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის. ამ დღეებში ბევრი გამოვიდა, ვინც სერიოზულად ფიქრობს საქართველოს წინსვლასა და კეთილდღეობაზე, და ღიად გამოთქვა თავისი უარყოფითი აზრი ამ კანონპროექტზე.
მეც მიმაჩნია, რომ ეს ანტისაზოგადოებრივი კანონპროექტი, თუ ის კანონად იქცევა, დიდ ზიანს მოუტანს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ამგვარი კანონები ავტორიტარული რეჟიმებისათვის არის დამახასიათებელი, რასაც რუსეთის მაგალითზე ვხედავთ,“ – განაცხადა მზექალა შანიძემ
აკადემიკოსის თქმით, მრავალ სხვა უარყოფით შედეგთან ერთად ეს კანონი ხელს შეუშლის ჩვენში მეცნიერების განვითარებას.
„ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა: ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნა და კავკასიური ენებისა და კულტურების ელექტრონული დოკუმენტაციის დაწყება, ვერ განხორციელდებოდა უცხოური ფონდების დაფინანსების გარეშე.
ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიებისათვის ქართული ანბანის პირველი შრიფტის დამზადება და პირველი ქართული ვებგვერდების შექმნაც უცხოურ ორგანიზაციას უკავშირდება – ჯორჯ სოროსის ფონდს, რომლის შევიწროებასა და სახელის გატეხას წარსულშიც ცდილობდნენ და დღესაც იმავეს სჩადიან.
მე იურისტი არა ვარ და ამიტომ გამიჭირდება ე. წ. აგენტების კანონის კონსტიტუციური და იურიდიული თვალსაზრისით განხილვა, მაგრამ აშკარად ვხედავ, რომ იგი დემოკრატიის ყველა ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება,“ – აცხადებს მზექალა შანიძე.