„სპორტული ინფრასტრუქტურის ქალაქისთვის დასაბრუნებლად გაწეული შრომა და ხარჯები არის იმ მძიმე მემკვიდრეობის შედეგი, რაც წინა ხელისუფლების ნამოქმედარია“ – ირაკლი ხელაძე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სპორტული ობიექტების თემასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ცოტა პარადოქსულია, როდესაც გაკეთებულ საქმეზე გსაყვედურობენ. ირაკლი ხელაძემ აღნიშნა,რომ სპორტული ინფრასტრუქტურის ქალაქისთვის დასაბრუნებლად გაწეული შრომა და ხარჯები არის იმ მძიმე მემკვიდრეობის შედეგი, რაც წინა ხელისუფლების ნამოქმედარია. მან ერთ-ერთ მაგალითად „ნორჩი დინამოს“ ტერიტორია მოიყვანა, რომელიც  გასხვისებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში.

„მე მინდა ყველას ვთხოვო, ვისაც ეს ხელეწიფება, რომ რამენაირად იქნებ დავიწყოთ ამ საკითხზე მუშაობა. ეს ისტორიული მნიშვნელობის საფეხბურთო სკოლა დასაბრუნებელია. ჩვენ რამდენიმე სხდომის წინ გამოვიტანეთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, სპორტული სკოლა „ავაზა“ დავიბრუნეთ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს გასხვისდა,“- განაცხადა ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ.

ირაკლი ხელიძემ თხოვნით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ყველა გასხვისებული ობიექტი, სკვერი, სპორტული მოედანი გაასაჯაროოს და ასევე, გაასაჯაროოს ინფორმაცია იმის შესახებ,  თუ რამე მსგავსი ობიექტი გასხვისებულია ახლანდელი ხელისუფლების პერიოდში.

„ჩვენ გარკვეულწილად ვართ იმის გარანტი, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ქმედებები აღარ მოხდეს ამ ქალაქში, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა,“- დასძინა ირაკლი ხელაძემ.