სოფელ ვეჯინში 35 წლის მამაკაცი მეზობელმა მოკლა

მკვლელობა კახეთში – 89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. ბექა ჯანიაშვილი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა სადაო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სიტყვიერი შელაპარაკება. მათივე თქმით, პრობლემა მეზობლებს შორის ბოლო რამდენიმე თვეა გამწვავდა. სავარაუდო დამნაშავე, ხანდაზმული მამაკაცი, დაკავებულია. მიმდინარეობს ძიება.

სროლის ხმა გავიგე. ბექასკენ გავიქეცი, ჩემი შვილის ხმა გავიგე – ვაიმეო… ბექა თოფი გესროლა-მეთქი?! რომ მივედი უკვე დაცემული  და უკონტაქტო იყო და კვნესოდა. რომ ველაპარაკებოდი, ხმას არ მცემდა. ვუთხარი, შვილო ხელით რამე მანიშნე, ძლივს სუნთქავდა, ხმა არ ამოუღია. ვერც დავინახე ეგ ადგილი, ჩემგან მოშორებით, დაახლოებით 80 მეტრში იყო, შებინდების პერიოდი იყო… მე ჩემს შვილს მივუტრიალდი, სასწრაფოს დავურეკე, პოლიციაში დავრეკე, ხალხი გამოვიდა ჩემს ყვირილზე. რომ მოვიდნენ, ადგილზევე იყო დაღუპული. მიწის გამო მომიკლა შვილი. სახელმწიფო ტერიტორია იყო, საერთო გზა გადიოდა ჩვენს ნაკვეთებს შორის“, – განაცხადა მოკლულის მამამ