ეს ტვირთი არ მოხვდა ბათუმში და არანაირი ნებართვა არ ჰქონდა. სხვადასხვა უწყების მხრიდან საბოლოო ჯამში საკმაოდ ნათლად გუშინ იქნა პასუხი გაცემული, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსული სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემის შესახებ, რომელიც გუშინ ბათუმის პორტიდან უკან გააბრუნეს.
მან ასევე ახსნა პროცედურა, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა, რომ სანქცირებული იყო არა გემი, არამედ რუსული ნავთობი, რომელიც მას გადაჰქონდა.
„ნათლად ითქვა ყველაფერი – როდესაც საქართველოში ზღვიდან ტვირთები შემოდის, არის ორდონიანი პროცედურა. პირველი არის გემთან დაკავშირებული პროცედურა, ანუ შეუძლია თუ არა გემს შევიდეს პორტში და მოწმდება გემი არის თუ არა სანქცირებული. აღნიშნული გემი არ ყოფილა სანქცირებული და შევიდა. მეორე ეტაპია გემიდან ტვირთის განბაჟების, ანუ გადმოტანის ნაწილი, სადაც ასევე მოწმდება, ხომ არ არის სანქცირებული ტვირთი. როდესაც ამ მეორე ეტაპზე მოხდა შემოწმება, აღმოჩნდა, რომ იყო სანქცირებული და გემი გაბრუნდა უკან. ასე მუშაობს სანქციები. სანქციების მთელი არსი არის ის, რომ ვიღაც ცდილობს სანქციის დარღვევას, ამას აღმოაჩენს და ტვირთს უკან გააბრუნებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გუშინ დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემი შევიდა, თუმცა საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ. მინისტრის თქმით, საქართველოში, სანქციების გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ ყოფილა. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს.