საქართველოში „ნაცმოძრაობაზე“ დიდი რუსი არავინ არის, დეპოლარიზაცია არ ნიშნავს, რომ ვიღაცებს დანაშაულები არ უნდა შევახსენოთ – ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი არ არის არც „ენჯეო“ და არც პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, მას პასუხისმგებლობა აქვს, ნებისმიერი განცხადება ფაქტებზე დაფუძნებით გააკეთოს, თუმცა არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია. მან ეს სტანდარტი დაარღვია, – მის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც ზურაბიშვილი ამბობს: „პრორუსული, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები გაძლიერდნენ, მიუღებელი უნდა იყოს ამ ჯგუფების დაცვა, მათი პრორუსული პროპაგანდის წახალისება“.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტს არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია, რაც მისი პასუხისმგებლობაა.

„პრეზიდენტს არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია, რაც მისი პასუხისმგებლობაა. „ენჯოებისა“ და ოპოზიციისგან განსხვავებით, პრეზიდენტს ევალება, ფაქტებზე დაფუძნებით ისაუბროს, რაც მას არ გაუკეთებია. 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულები პირდაპირ დაკავშირებულია 12 პუნქტთან, მათ შორის გამოძიების სრულ გამჭვირვალობას და ჩვენ ამ საკითხზე ჩვენი ხედვა წარმოვადგინეთ. მკაფიოდ ვთქვით, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი უზრუნველყოფს სრულ გამჭვირვალობას და ინფორმაციის გასაჯაროებას. გამოძიება პროკურატურის საქმეა და მასში ჩარევა პარლამენტს არ შეუძლია, მაგრამ ინფორმაციის გასაჯაროება და სრული გამჭვირველობა კომიტეტის პასუხისმგებლობა იქნება და ეს მოხდება სამინისტროებთან თანამშრომლობით.

სალომე ზურაბიშვილი არ არის არც „ენჯეო“ და არც პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, მას პასუხისმგებლობა აქვს, ნებისმიერი განცხადება ფაქტებზე დაფუძნებით გააკეთოს, თუმცა მას არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია. მან ეს სტანდარტი დაარღვია. კონსტიტუციის მიხედვით, მოსარჩელე სუბიექტი არსებობს, ეს შეიძლება, იყოს დეპუტატთა რაოდენობა, პრეზიდენტი და მთავრობა. პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. შესაბამისად, რომელიმე სუბიექტს შეუძლია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და გადაწყვეტილებას ის მიიღებს. როცა საქმე ეხება მოძალადე ჯგუფებს, ვინც წლების მანძილზე ქვეყანაში ძალადობდნენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ გვახსენდება, რომელიც ცხრა წელი ძალადობდა ხალხზე, ბიზნესის რეკეტისა და პატიმრების გაუპატიურების ფორმით. ეს პარტია საზოგადოებაზე ძალადობას ახლაც აგრძელებს ოპოზიციიის რიგებიდან. „ალტ ინფოს“ და „ნაცმოძრაობას“ შორის არავითარი ტოლობის ნიშანს არ ვსვამ, მეტობის ნიშანს ვსვამ „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. საქართველოში „ნაცმოძრაობაზე“ რუსი არავინ არ არის, რადგან რუსეთს ქვეყნის 20 პროცენტი ჩააბარა არა „ალტ ინფომ“, არამედ „ნაცმოძრაობამ“. ასევე სტრატეგიული ობიექტები. შესაბამისად, საქართველოში „ნაცმოძრაობაზე“ დიდი რუსი არავინ არის. დეპოლარიზაცია იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცებს დანაშაულები არ უნდა შევახსენოთ. ეს პროცესი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ თუ „ალტ ინფო“ დანაშაულს სჩადის, უნდა შეახსენო ეს დანაშაულები. სუსტად იგივე ეხება „ნაცმოძრაობასაც“. მას ბევრად მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლა ოპოზიციაში. „ალტ ინფოს“ მაგალითი ზუსტად ამას აჩვენებს, თუ მას არ შეახსენებ ჩადენილ დანაშაულს, პოლარიზაცია უფრო გაღრმავდება. იგივე ეხება „ნაცმოძრაობას“, რომელსაც თუ დანაშაულებრივ მდგომარეობას არ შეახსენებ, უფრო გააღრმავებს პოლარიზაციას. რა თქმა უნდა, პოლარიზაცია იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ „ნაცმოძრაობას“ დანაშაულებს „ვუპრავებთ“, პირიქით, რაც უფრო მეტ სიმართლეს ვეტყვით საზოგადოებას, მით უფრო შემცირდება პოლარიზაცია. მათ რუსეთს ქვეყნის 20 პროცენტი ჩააბარეს და ეს უნდა შევახსენოთ. ეს გააკეთეს არა ერთ დღეში, არამედ ამისთვის რუსეთს მთელი საფუძველი მოუმზადეს, მათ შორის, როცა თუნდაც აღადგინეს 90-იან წლებში გაუქმებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრები. მათ შესაბამისი კანონი მიიღეს და ამაზე დიდი დანაშაული რა არის? მათ ალტერნატიული არჩევნები ჩაატარეს, მეტი დანაშაული რა არის? ვინ არის რუსი, განსაჯეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.