არანაირი სურვილი არ აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ პოლარიზაცია დასრულდეს და ქვეყანაში დაისადგუროს მშვიდობამ – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი მეტყველებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს არანაირი სურვილი არ აქვთ, პოლარიზაცია დასრულდეს და ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს.

კალაძის თქმით, საქართველოს დღე ჰყავს მთავრობა, რომელიც ქვეყნის უმრავლესობამ აირჩია და ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მოხდება.

„ესეც ჩვეულებრივად მეტყველებს იმაზე, რომ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ პოლარიზაცია დასრულდეს და ქვეყანაში დაისადგუროს მშვიდობამ, სადაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ჩართული იქნება კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში. შეიძლება, ყველა საკითხზე ერთნაირი მოსაზრებები არ გვქონდეს, იყოს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ იყოს ჯანსაღი და კონსტრუქციული, არა ისეთი, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ. ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებითაც, რომ სრული სისულელეა ტექნიკური მთავრობის თემა და ჩვენი თუ არ სჯერათ, ჩვენი ევროპელი, დასავლელი პარტნიორებიც მიუთითებენ ამაზე.

საქართველოს დღე ჰყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ აირჩია, ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოხდება არჩევნების გზით და ხალხი გადაწყვეტს, უნდა, შეინარჩუნოს „ქართული იცნება“ მთავრობაში? 2024 წელს იქნება საპარლამენტო არჩევნები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.