“სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და შეიძლება, იყოს ეფექტური, როგორც ეს ვნახეთ რუსეთთან მიმართებით”-კელი დეგნანი

ჩვენ არ ვმონაწილეობდით უკრაინის სანქციების ფორმირებაში, ამის შესახებ ახლახან შევიტყვე და ინფორმაცია არ მაქვს, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით. კერძოდ, უკრაინულ ვებგვერდზე – sanctions.nazk.gov.ua, რომელიც ქვეყნის საგარეო უწყების მხარდაჭერითაა შექმნილი, გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელთაც, ამავე საიტის თანახმად, ჯერ არ შეხებიათ სანქციები. მათ შორის არიან ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, სულხან პაპაშვილი, დავით ხიდაშელი, ვანო ჩხარტიშვილი, ტატე მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე, ქეთევან ხარაიძე, ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი.

ამასთან, დეგნანის თქმით, სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

„შემიძლია, ვთქვა, რომ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და შეიძლება, იყოს ეფექტური, როგორც ეს ვნახეთ რუსეთთან მიმართებით. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეფექტი სამომავლოდაც ექნება. ჩვენ არ ვაცხადებთ სანქციებს წინასწარ, ვიდრე ისინი არ დაწესდება და სწორედ ამის შემდეგ ხდება მისი გახმაურება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დეგნანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა უკრაინისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები თბილისში 2014 წლიდან იმართება, ინფორმაციის გაზიარების, ინკლუზიური დიალოგისა და აზრთა გაცვლის სულისკვეთებით.

„ეს ყოველთვის იყო ძალიან პოპულარული, ეფექტური ფორუმი, რომელზეც ერთად იკრიბებიან საქართველოს შიდა და საერთაშორისო მეგობრები ევროპიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, აზიიდან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის შესაძლებლობა აზრთა გაცვლისთვის, ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების, საერთო აზრების, რათა უკეთ გავიგოთ ადამიანების მოსაზრებები. ამას ვხედავთ დღესაც. ფოკუსი არის უკრაინაზე. რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რას ნიშნავს ეს მთელი რეგიონისთვის. ეს არის ასევე შესაძლებლობა აზრთა გაცვლისა, თუ როგორც უნდა დამყარდეს მშვიდობა, დასრულდეს კონფლიქტი და გაგრძელდეს ის კარგი სამუშაო, რომელიც მიმდინარეობდა რეგიონის სტაბილურობის მისაღწევად, საქართველოს კეთილდღეობისთვის და ასევე მისი დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.