“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს”,- ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძემ , ევროკომისიის ანგარიში შეაფასებისას განაცხადა
მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანას რუსული ორბიტისკენ მიაქანებს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სჯობს სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ეს ილუზიები არავის აქვს. როგორც „ქართული ოცნება“ მართავს ამ ქვეყანას, ეს არის მიმართული იმ ორბიტისკენ, რასაც რუსეთის ორბიტა ჰქვია, ეს არის მკაფიო. საქართველოში ადამიანები მიხვდნენ, რომ „ქართული ოცნება“ დასავლური ძალა არ არის, ეს არის რუსული ძალა საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.
ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა.
ამასთან, ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის ოფისმა ზეწოლა იმის გამო განიცადა, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს. გარდა ამისა, ანგარიშში ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები მოხვდა.