შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 85 მეხანძრე-მაშველი, როტაციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში გაემგზავრა.
ქართველი მეხანძრე-მაშველების ახალი ჯგუფი იმ მეხანძრე-მაშველებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ამ დრომდე ახორციელებდნენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს. მუშაობას განაგრძობენ ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები.
ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. ადგილზე მოწყობილი საველე შტაბი ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან კოორდინაციით მუშაობს.
ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით. სამაშველო ჯგუფი, ასევე აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.
ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.
თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში სამაშველო ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება.