საცხოვრებელი ფართები თბილისში კიდევ 150 ოჯახს დაუკანონდა

თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება.

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, ირაკლი თავართქილაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის რვა რაიონში მცხოვრებ 150 ოჯახს გადასცეს.

„დღეს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 150 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მინდა, მივულოცო მათ. წინასაახალწლოდ ეს ძალიან დიდი სიხარულია. ისინი წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, სადაც უკვე ათეულობით წელია, ცხოვრობენ. 2017 წელს არჩევნებში თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა და ამ პროგრამის განხორციელება მაშინვე დავიწყეთ. მას შემდეგ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. რა თქმა უნდა, პროგრამას ვაგრძელებთ. კერძო საკუთრებაში უკვე გადაცემულია 300 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება, რომელიც მანამდე სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იყო. ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ და მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ დაუკანონდეთ საცხოვრებელი ფართები. ძალიან მიხარია, რომ ამდენ ბედნიერ ადამიანს ვხედავ და კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები და თბილისის რაიონების გამგებლები.

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 2 500-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში კი დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.