სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულები დამნაშავედცნო, თუმცა სასჯელი შეუმცირა

ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია და სასჯელი შეუმცირა. საქმე ეხება საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილისა და რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენლის საქმეზე კიდევ რამდენიმე ეპიზოდს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე მაია თეთრაულმა 5 ივლისის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და მსჯავრდებულებს სასჯელიც შეუმცირა. კერძოდ, მოსამართლემ მსჯავრდებულები სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, გაამართლა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო.

შესაბამისად, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს ოთხ-ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა, ბრალდების მხარე აღნიშნული განაჩენს არ ეთანხმება და უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

„პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს, ვინაიდან, როგორც მოვისმინეთ, სააპელაციო სასამართლომ 225-ე მუხლის ნაწილში, რაც გულისხმობს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, მსჯავრდებულები გაამართლა. თუმცა დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილ სხვა ქმედებაში. ამასთან, შეუმსუბუქა დანიშნული სასჯელი და განუსაზღვრა ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს პროკურატურამ ყველა შესაძლო მტკიცებულება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც ხდებოდა მტკიცებულების გამოკვლევა. რას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, როდესაც აღნიშნულ ნაწილში გაამართლა მსჯავრდებულები, ამ ეტაპზე არ მაქვს პასუხი, ვინაიდან სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი ჩაბარებული არ არის. როდესაც განაჩენს ჩავიბარებთ, თითოეულ მსჯელობას დასაბუთებულს წარვადგენთ უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, როგორც ბრალდების მხარე აღნიშნავს, საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, თუმცა საქმეში ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის, რის გამოც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

„რაც შეეხება ილია თვალიაშვილის ეპიზოდს, ვასაჩივრებდით მის ნაწილში, ვინაიდან 117-ე მუხლი იყო წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თუმცა ილია თვალიაშვილის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის მზად. მიმდინარეობს ჯერ კიდევ კვლევა, რადგან მას თვალი ჰქონდა დაზიანებული, რაც სპეციფიკური კვლევის საგანს წარმოადგენდა. შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რაც შეეხება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტს, მოგეხსნებათ, რომ ბევრი ფაქტობრივი გარემოება იყო გათვალისწინებული, მათ შორის გათვალისწინებული იყო ტერიტორია, სადაც ძალადობა განხორციელდა. საუბარია ინგოროყვას ქუჩაზე და ის ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერში გავიდა, მათ შორის კერძო ობიექტების კამერებზეც არის საუბარი, ასევე მირანდა ბაღათურიას ჩვენება, სხვადასხვა ჟურნალისტის ჩვენება, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ბრალდების მხარის შეფასებით, იძლეოდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ქმნიდა ამ კვალიფიკაციას“, – აღნიშნა პროკურორმა.

 თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე ბრალდებულ ცოტნე ჩიხლაძეს 117-ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გადაუკვალიფიცირა 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას. გასული წლის 4 აპრილს ცოტნე ჩიხლაძეს პირველი ინსტანციის სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.